დღეს დღესასწაულია - ღვთისმშობლის შობა. საეკლესიო ინდიქტიონის, ანუ ახალი წლის პირველი დღესასწაული. მორწმუნე ადამიანის სულში ეს იწვევს სიხარულს, ბადებს ნუგეშს. თითქოს, დედა ღვთისა გეგებება ახალი წლის დასაწყისში.
ჩვენთვის, სამთავისისა და გორის ეპარქიის მკვიდრთათვის, გორელებისთვის, ეს განსაკუთრებით სანუგეშო დღეა იმიტომ, რომ ყოველივე იმის შემდეგ, რაც თავს გადაგვხდა, ეს პირველი სრულყოფილი შეხვედრა იყო მრევლთან ქალაქში დაბრუნების შემდეგ. ამიტომაც, გადავწყვიტეთ საღვთო წირვის შემდგომ, მადლიერების ნიშნად შესაწირით აღგვენიშნა ეს დღე. მადლიერები ვართ ყველაფრისათვის - მწუხარებისათვის და სიხარულისთვის, ტკივილისა და ნუგეშისათვის, რაც მთავარია ერთმანეთს ვხედავთ, ეს გვახარებს. ვისაც ახსოვს დაცლილი ქალაქი, დაცარიელებული ტაძარი - მისთვის დღევანდელი დღე მადლიერებისა და სიხარულის მიზეზია. სამღვდელოება და მრევლი, წლოვანი და ახალგაზრდა, დედა-შვილი - ვისაც წლებია ხედავ, იცნობ, ელოდები ტაძარში, შეიგრძნობ მათგან სითბოს, მხარდაჭერას და გრძნობ, რომ მათთან ღმერთი გაერთიანებს, ამიტომაც უფრო მეტად გასაფრთხილებელი და ძვირფასია, ამ ერთობის პასუხისმგებლობაც. “იმედს ნუ მოიშლი” - არის ქართული გამოთქმა, მოშლა-წაშლა ქართულ ენაში დაკავშირებულია გაქრობასთან, არ არსებობასთან, და თუ იმედი არსებობს გაქვს სიხარულის უფლებაც და ძალაც. იტყვიან რა გახარებთო - ზუსტად იმედი. ჩვენც, როგორც ჩვენი წინაპრები, ამ ბოლო წლებში სულ იმედით ვცხოვრობთ. ვიღაც იტყვის - რეალობას მოწყვეტილები ხართო. ხვალის იმედი ქმნის დღევანდელობას, მთავარია იცოდე რისკენ მიისწრაფვი და როგორ უნდა იარო. თუ მიზანი სწორია და მისკენ მავალი გზას მართლად გაივლი, (რამდენადაც ეს შესაძლებელია შენი სინდისისათვის) აცდები ღრმა ორმოებსა და გამოუვალ ჩიხებს, ხოლო მიზანს გამოცდილი და ღირსებების მქონე ადამიანად მიაღწევ. ეს ეხება საზოგადოების მიერ გასავლელ გზასაც. მარკუს ავრელისუს სიტყვებია: ჭეშმარიტად შლეგია ის, ვინც ნიადაგ ფუსფუსებს, იღწვის, რუდუნებით ქანცგაწყვეტილი, მაგრამ მაინც არ გააჩნია გარკვეული მიზანი, რომლისკენაც მიმართავდა ყველა სწრაფვას, ყველა გულისთქმას.