JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic
 







22 სექტემბერი, ორშაბათი

ატენში - დედათა მონასტერია, ამ მონასტრის ისტორია საქართველოს ისტორიის ასახვაა. ჯერ კიდევ VI საუკუნეში სირიიდან სწერდნენ ამ მონასტრის წინამძღვარს, საღვთისმეტყველო დისპუტებში ჩართულს. დედები მოვინახულეთ. ომამდე მონასტერში რესტავრაცია მიდიოდა, ყველანი მოუთმენლად ველოდით მის შედეგს. ომმა თავისი კორექტივები შეიტანა ყველაფერში - მოხდა ის, რაც ბუნებრივად უნდა მომხდარიყო - ძალზე ბევრმა ადამიანმა მიაშურა მონასტერს თავშესაფარად. უმეტესად ქალები და ბავშვები იყვნენ, ისინი დედებთან განაწილდნენ, მამაკაცები კი ატენის სიონის ტაძრის ეზოში მოეწყვნენ. ამ დღეებში, თითქმის მთელმა გორმა მიაშურა ატენის ხეობას, დაახლოებით რვა ათასი ადამიანი შეიკრიბა იქ. ჭირდა საკვები და ღამის გასათევი ადგილი, ღია ცის ქვეშ ათენებდა მრავალი ადამიანი, მაგრამ სხვა რა გზა იყო. დედები, ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლება, რითაც იყო შესაძლებელი ვეხმარებოდით, - პურს, საკვებს, მედიკამენტებს ვუგზავნიდით მათ. მამებმა ხეობის ყველაზე მაღალ სოფელში მიაწოდეს საკვები დევნილ მოსახლეობას. რაღა თქმა უნდა, ეს არ იყო საკმარისი ათასობით ადამიანისათვის, მაგრამ იმედია სანუგეშო მაინც იქნებოდა, რადგან მაშინ ეს მართლაც მაქსიმუმი იყო და დიდი ხიფათის საშიშროებით კეთდებოდა. მალევე წაუკიდეს ცეცხლი ხეობის ტყეებს, ორ კვირაზე მეტ ხანს იწვოდა ტყე. ახლა გასახსენებლად იოლია, მაგრამ მაშინ ყველას ნაოჭი და ჭაღარა დაემატა. განსაკუთრებით რთული იყო იმის ყურება, თუ როგორ იხევდა უკან ჩვენი ჯარი, ის, ვინც დამცველად გეიმედებოდა. სხვა გზა არც მათ ჰქონდათ, მაგრამ მოქალაქისათვის ეს - ყველაფრის დასასრულია. ასე შევრჩით ოსებსა და რუსებს. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის.
ახლა მონასტერში ისევ სამშენებლო ფუსფუსია, მან იტვირთა ის, რაც ოდიდგან ხდებოდა. გავიხსენოთ ქვათახევის მოწამეები, სადაც მონაზვნებთან ერთად გარშემო სოფლებიდან მონასტერს თავშეფარებული მოსახლეობაც ტაძარში გამოკეტეს და გამოწვეს მონღოლებმა. ისტორია მეორდება - რეალობა ეს არის, ნუ დაგავიწყდება სამყაროს ეს კანონი. დღესაც ქვათახევის მამათა მონასტერს, ათეულობით თავშესფრის მაძიებელი, ადამიანის მიღება მოუწია.