დღეს შევხვდი რადიო “თავისუფლების” რუსული ბიუროს ჟურნალისტს ოლეგ პანფილოვს. საინტერესო ადამიანია. მან რამოდენიმე დღის წინ საქართველოს მოქალაქობა მიიღო. საოცარი რამ მითხრა - როცა ვიღლები, საქართველოში ჩამოვდივარ სულიერი დასვენებისთვისო. ჩვენ ალბათ სხვისი გაჭირვება არ ვიცით ბოლომდე. მან ინტერვიუ აიღო რადიო “თავისუფლებისათვის” - ისევ ომის დღეებს დავუბრუნდით... როგორი დღეები იყო - მძიმე, რთული, მტკივნეული - ყველა დახასიათება მხოლოდ ნაწილობრივ გადმოსცემს ამ დღეების სიმძაფრეს. ჩვენი ქალაქისათვის დაძაბულობა გაცილებით ადრე დაიწყო, ჩვენს თვალწინ ხდებოდა სამხედრო ტექნიკის, საპოლიციო რაზმების გადაადგილება, რომელბიც საკონსტიტუციო წესრიგის დასამყარებლად ემზადებოდნენ. მოდიოდა ხმები ურთიერთშეტაკებაზე, თავდასხმაზე სამშვიდობო ჯარებზე. შვიდ აგვისტოს კი ამან ფართო მასშტაბი მიიღო, გვესმოდა გასროლის ხმა, მოსჩანდა ცეცხლის ენები. ყველაფერი დაიძაბა. რვა აგვისტოდან კი თავს უსაფრთხოდ ვერავინ გრძნობდა. ამ დღეს მოვინახულე სოფლები - ერგნეთი, მეღვრეკისი, არბო, ტირძნისი, ქორდი, ტყვიავი – უკვე ჰაერიდან იბომბებოდა მოსახლეობა, მეღვრეკისში დანგრეული სახლები და დახოცილი პირუტყვი დაგვხვდა, დაბომბვაში მოყოლილი ქართველი ჟურნალისტები - სოფელ ქორდთან. ჩავედით ნიქოზში, მეუფე ისაიას სანახავად. სოფელში ქართული პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები იყვნენ. VI საუკუნის საკათედრო ტაძარის გვერდით ძველი X საუკუნის საეპისკოპოსო პალატია, ახლად აღდგენილი, მას ჭურვი ჰქონდა მოხვედრილი, ჩანგრეული იყო სახურავი. მეუფე ისაია, მამა ანტონი, მორჩილები ყველანი ადგილზე იყვნენ, დიდი მოთმინებით ელოდებოდნენ მოვლენათა განვითარებას, რომლის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ. ამ დღიდან დაიწყო უმძიმესი წუთები. სასწრაფო მანქანების უწყვეტი სირენის ხმა, რომელთაც დაჭრილები მოყავდათ, ქვემეხების კონონადა, თვითმფრინავების გუგუნი. გორის ჰოსპიტალი - მოვლენების ცენტრი, დაჭრილი ჯარისკაცები, შემართული ექიმები, შეწუხებული ჭირისუფალი, სამღვდელოება მსახურებას ასრულებს, - ექიმებთან, ჯარისკაცებთან. ახალგაზრდა ბიჭები - სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდგომ, ვისაც შეეძლო ბრუნდებოდნენ წინა ხაზზე. ექიმები, მედდები ვთვლი, რომ გმირები არიან, მუხლჩაუხრელად, დაუძინებლად - ასრულებდნენ თავის საქმეს. საერთოდ ომი ყველაზე ცუდი საშუალებაა ადამიანის თვისებების გამოსავლენად, ყველაზე მეტად გამოაჩენს კაცთა მანკიერებასა და ღირსებებს. ამის თქმის საშუალებას აფხაზეთის ომის გამოცდილება მაძლევს. ახლაც ასე ხდებოდა და ვიტყვი იმას, რომ დღეს სამოქალაქო შეგნება ჩვენი საზოგადოებისა გაცილებით მაღლა დგა, ვიდრე მაშინ. მაგალითისთვის, დაბომბვების ფონზე, როცა ინგრეოდა მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები არც ერთი გაძარცვის ფაქტი არ მომხდარა, სანამ უცხო ბანდიტური ჯგუფები არ შემოვიდნენ, და მოედვნენ ქალაქს როგორც მონღოლთა მოთარეშეები.