დღეს იყვნენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ უნდათ სხვას გაუწიონ დახმარება. ღვთის წყალობაა ასეთი ადამიანების არსებობა. ამ შემთხვევაში საუბარი მიდის მამისა და დედის გარეშე დარჩენილ 8 წლის ბავშვზე. დიმიტრი... მისი ოჯახი გორის სატანკოს გვერდით ხუთსართულიან ბინაში ცხოვრობდა, ეს ბინები სატანკო ნაწილის დაბომბვისას დაინგრა და გადაიწვა. პატარა ბიჭი თავის მშობლებთან ერთად აღმოჩნდა ცეცხლში, მამამ ის გამოიყვანა და შებრუნდა ორსულ მეუღლესთან. ბავშვი დღესაც არ კითხულობს თუ სად არიან მამა და დედა. საერთოდ იმ დღეებში მრავალი ადამიანის მხარდაჭერას ვგრძნობდით სასულიერო თუ საერო პირის, ქართველის თუ უცხოელის.
ბევრი ცდილობდა დახმარებას - გვაწოდებდა საკვებს, პირველი საჭიროების ნივთებს. ეს დახმარება ჩამოჰქონდათ სასულიერო პირებს - მცხეთა-თბილისიდან, რუის-ურბნისის, რუსთავის ეპარქიიდან, მრევლი, ნაცნობი და უცნობები, ამან მოგვცა შესაძლებლობა ემოქმედა სასადილოს, სადაც 800 ულუფა საჭმელი მზადდებოდა, ამან ეკლესიის საცხობს პურის უწყვეტად გამოცხობის საშუალება მისცა, საიდანაც 2000–მდე პური გაიცემოდა. ბევრი ადამიანი დაგვეხმარა იმ დღეების გადატანაში. მისი უწმინდესობის ჩამოსვლა გორსა და ნიქოზში, ეს იყო ნათლის სხივი შავ ღრუბელში. პატრიარქის მიერ ჯარისკაცთა ნეშტის გადომსვენებამ დაუდო სათავე ტყვეთა გაცვლის, ჩარჩენილი მოსახლეობის, მიცვალებულთა ცხედრების გადმოსვენების პროცესს. თითქოს ხელ-ფეხი გაეხსნა ყველას და ამის შემდგომ, ყოველივე ამის გაკეთება რუსი სამხედროებისთვისაც გახდა თავისუფლად შესაძლებელი და ადამიანურადაც გამოსახატი.