JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic
 







25 სექტემბერი, ხუთშაბათი

დღეს ვხვდები კინორეჟისორ ნანა ჯანელიძეს. მას სურვილი აქვს დოკუმენტური ფილმი გადაიღოს რომელშიც აისახება ყველაფერი რაც ამ დღეების განმავლობაში ხდებოდა. ვთვლი რომ ძალიან კარგია და აუცილებელიც. რომ ცხელ კვალზე მოხდეს ასეთი ფილმის გადაღება. ვერაფერი ღირებული აფხაზეთთან დაკავშირებით ჩვენ ვერ შევქმენით წლების განმავლობაში, სადაც აისახებოდა ის 13 თვე – აფხაზეთის ომისა.
ქალბატონ ნანას ყველაფერი აინტერესებს. განცდები, ამბები, ადამიანები, მოსაყოლად ალბათ ბევრია და რთულიც არის რომ გამოყო რომელია უფრო მთავარი და რომელი არა. ისევ იმ დღეებს დავუბრუნდეთ რა ხდებოდა ჩვენს თავს.
ვუყვები იმის შესახებ, როგორ შემოვიდნენ ქალაქში და პირველად როგორ შევხვდით ოსებსა და რუსებს. ჯერ იყო შეხვედრა რომელიღაც ყაჩაღურ ჯგუფთან, რომელიც მოგვადგა კარზე და საეპისკოპოსო სახლში შემოვიდა. ისინი კვალდაკვალ მოჰყვნენ ქალებს, რომლებმაც თავი შემოაფრეს რეზიდენციას. უმეტესად ახალგაზრდები იყვნენ, ძალზე აღგზნებულები და შფოთავდნენ... ჩქარობდნენ... თითქოს არ დაედგომებოდათ და გაცლას ესწრაფოდნენ. მოითხოვეს მანქანის გასაღები და სანამ ვისაც გასაღები ჰქონდა ის მოვიდოდა მოგვიწია მათი დამშვიდება, თანაც ხმამაღლა ვარწმუნებდით რომ აქ სასულიერო პირებისა და ქალების გარდა არავინ იყო. კედელთან ვიდექით, ერთ-ერთმა მათგანმა ჩამოუარა ყველას და რაც მოეწონა ჯიბეებიდან ამოუღო. ამ ჩამოვლის დროს, ერთ მამაოს გარეთ გადმოეკიდა სმკერდე ჯვარი. თავდამსხმელმაც ჩაიყო ხელი უბეში, ამოიღო ჯვარი და გვაჩვენა. ალბათ გვამშვიდებდა რომ ამაზე მეტს არაფერს დაგვიშავებდა.
ეს იყო დღე, როდესაც მთელი დღე-ღამის განმავლობაში თარეშობდნენ ბანდიტური ჯგუფები. არავითარი წინააღმდეგობა. სრული დაუსჯელობა და ყველაფრის უფლება. ასე გრძელდებოდა მეორე საღამომდე, სანამ რუსული რეგულარული ჯარები არ შემოვიდნენ. პარადოქსია, მაგრამ ვინც გახდა მიზეზი იმისა რაც ხდებოდა - ქალაქს და მოსახლეობას ის მოევლინა მშველელად.
ჩვენი პირველი შეხვედრა რუსეთის არმიის სარდლობასთან გორში მოხდა, გუბერნიის შენობაში. ასე გავიცანი გენერალი ბორისოვი. პირველი რაც მას ვთხოვე ის იყო, რომ მოსახლეობისათვის არაფერი დაეშავებინათ. ვუთხარი, რომ ქალაქი არის დაცლილი, შეიარაღებული აქ არავინ არის, დარჩენილი არიან მხოლოდ მოხუცები. მან მითხრა, რომ სწორედ იმისათვის შემოვიდა რომ უზრუნველყოს წესრიგი და მოსახლეობის უსაფრთხოება. და ყოველ ფაქტზე ძარცვისა თუ თავდასხმისა ითხოვდა, რომ მისთვის შეეტყობინებინათ. ასე დაედო დასაბამი ჩვენს ყოველდღიურ შეხვედრებს იმ დროის განმავლობაში, რაც გენერალი ბორისოვი ჩვენს ქალაქში იმყოფებოდა.
უკვე მეორე დღიდანვე ამ შეხვედრის მონაწილეები იყვნენ ბატონი კახა ლომაია, რომელიც მუდმივად გორში იმყოფებოდა ამ რთულ პერიოდში. სამხარეო რწმუნებული ლადო ვარძელაშვილი. მამუკა მუჯირი – თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ვოვა ჯუღელი, ბატონი გივი თარგამაძე რომელიც ორი-სამი დღის შემდეგ ჩაერთო პროცესში, ასევე ბატონი კოტე ყიფიანი. ყოველი დღე იყო იმასთან დაკავშირებული თუ როგორ შეგვემსუბუქებინა მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა. არც ერთი ჩვენგანი არ იყო სამხედრო და ამიტომ, ჩვენი მცდელობა მხოლოდ ის იყო, რომ ამოქმდებულიყო ადამიანის სიცოცხლისათვის აუცილებელი ობიექტები. საავადმყოფო, აფთიაქი, და კვების ობიექტები. კიდევ ბევრი რამ ვუამბე ქალბატონ ნანას...
მოსაღამოვდა. გვახარებს, რომ გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენთვის ჩვეულ დღის წესრიგს დავუბრუნდეთ.
ახლა გვექნება საღამოს ლოცვა...