დილის 7 საათზე ლოცვა იწყება. გარეგნულად ბერ-მონაზვნის ცხოვრება წლიდან წლამდე ერთნაირად მიმდინარეობს. მაგრამ ეს მხოლოდ არამცოდნესთვის. სინამდვილეში, მთელი დინამიზმი ამ პროცესისა ვითარდება ადამიანის შიგნით. და ამ დროს ადამიანი თითქოს გარეგნულად ერთფენოვანი და ეული ცხოვრებით მცხოვრები, სინამდვილეში ამ გრძნობებს არ განიცდის.
12 საათზე ველოდები გოეთეს ინსტიტუტის დირექტორს ერთ გერმანელ ბატონს. მან ბავშვებისათვის ჩამოიტანა დახმარება. აღსანიშნავია, რომ ბევრი უცხოელი გულისტკივილით მოეკიდა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს პრველივე დღეებიდან. ჩემთვის გასაკვირი იყო როდესაც ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში გორში ჩამოვიდა ვატიკანის ელჩი, ბატონი კლავდიო გუჯეროტი. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და ამ საუბრის შედეგი იყო ის, რომ მთავარეპისკოპოსმა გადასცა ჩემი თხოვნა საქართველოში მყოფ ელჩებს, და თვითონ წინ წამოუძღვა გორში 5 ქვეყნის ელჩს. იმ დროს ეს ძალიან რთული იყო. დღესაც, გორში, კარვების ბანაკს, სრულიად უსასყიდლოდ და თავისი ინიციატივით, უზრუნველყოფს იტალიის წითელი ჯვარი. მათ ინიციატივას კი რაღა თქმა უნდა საფუძვლად ჰქონდა თხოვნა ჩვენი ქვეყნის შვილის ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონის ოჯახის.
რაც შეეხება თანადგომას, ბევრისაგან ვიგრძენით ეს და ვიგრძენით რუსი ადამიანებისაგანაც. როემლთაც დამირეკეს ამ დღეებში და უბრალოდ თქვეს: ჩვენ ტელეფონში ბევრს ვერ ვიტყვით, მაგრამ იცოდეთ, რომ ძალიან გული გვტკივა და მუდმივად ვლოცულობთ თქვენზე. ასე, რომ სიყვარულისთვის არ არსებობს არანაირი ეროვნება, პოლიტიკა, ომი, მშვიდობა. ის ყოველთვის რჩება და მუდმივი გულშემატკივარია.