JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic
 







27 სექტემბერი, შაბათი

დღეს ჯვართამაღლებაა. ზეიმია, მაგრამ ამ დღეს ყოველთვის მარხვაა. იმიტომ, რომ ვიგრძნოთ ჯვრის მნიშვნელობა, და ცოტათი მისი სიმძიმეც. საოცარია ჯვრის მისტერია. ღმერთმა უფლება მისცა სიკვდილს რომ შეხებოდა მას. და ეს ჯვარზე მოხდა. გამოხსნა ადამიანებისა ხდება ჯვრით და ეს ჯვარი, ყველასათვის არის და ყველას თავისი ჯვარი აქვს.
ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ დღეებში. ჭირისუფალი ბედნიერად თვლის თავს, როცა შეუძლია თავისი მიცვალებული დაიტიროს. სოხუმელებს ჩვენი წინაპრების საფლავზე მისვლის საშუალება არა გვაქვს. ახლა კიდევ უფრო მეტად ვხვდები როგორი ნუგეში იყო, ოჯახებისთვის თავიანთი მიცვალებულის პოვნა. მისი დატირება და მიწისთვის მიბარება. ძალიან მძიმე იყო ამ ომში დაღუპული ადამიანების ჯერ მოძიება... ნებართვის მიღება... და შემდეგ გადმოსვენება. იმ 43 ადამიანის გვამი, რომელიც ცხინვალიდან გადმოვასვენეთ, ვერ წაიშლება მეხსიერებაში...
მიცვალებულები დაკრძალულები იყვნენ ცხინვალის განაპირას, მიტოვებული შენობის ახლოს, უდაბურ ადგილზე, ვიტყვი გაპატიოსნებულად იყვნენ დაკრძალული. ყველა ჩასვენებული იყო, სახელდახელოდ შეჭედილ კუბოში, იმ ადგილას ჯვარიც იდგა. ძალიან გაგვიჭირდა. ცხელოდა. გვიან დაიწყო საფლავების გათხრა, დაბნელებამდე უნდა მოგვესწრო. ბევრს ნერვებმა უმტყუნა... აუცილებლად უნდა ვთქვა: რომ არა გენერალი ბორისოვის პირდაპირი თხოვნა ოსური მხარისადმი ეს არ მოხერხდებოდა. მერე თვითონ წავიდა და ტრაქტორი მოიყვანა, ეს რომ არა – ვერაფერს გავაკეთებდით... ტრაქტორმა ზედა ფენა მოხსნა, სხვა დანარჩენი კი უკვე ხელით იყო გასაკეთებელი, ღვთის შეწევნა იყო, რომ ეს ყველაფერი 6 საათის განმავლობაში გახდა შესაძლებელი – 43 გვამის ამოტანა და გადმოტანა ამ მტრულად განწყობილ გარემოდან.
დღეს სოხუმის დაცემის დღეა. 15 წელი. მახსოვს ამ დღის სიმწარე და გრძნობა, რომ ერთადერთი რაც შეიძლება გააკეთო – შეგიძლია მოკვდე. მაგრამ ეს სიკვდილიც არაფრის მომტანია, იმიტომ, რომ შენ რაც გინდა შეცვალო, ის არ შეიცვლება.
- კიდევ ერთი ჯვარი საქართველოსთვის,... რომელსაც აუცილებლად აღდგომა მოყვება.