|

30 ოქტომბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სასწავლებელმა აღნიშნა აღდგენა-განახლების ხუთი წლისთავი. ეს იყო შრომის, ჩამოყალიბებისა და გამოცდილების შეძენის წლები. დღეს სასწავლებელში 360-მდე ბავშვი სწავლობს. კეთილმოწყობილია სასწავლო კლასები, მაღალ დონეზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. სასწავლებლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა გაიმარჯვეს და დაიმსახურეს სიგელები საპატრიარქო, საქალაქო და რესპუბლიკურ სახვადასხვა კონკურსებში. ყოველწლიურად ტარდება ფესტივალი "გენეთლია", რაშიც მონაწილეობენ საპატრიარქოს და საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები. სასწავლებელი ვითარდება - ამჟამად მიმდინარეობს და უნდა დასრულდეს სასწავლო კორპუსის და სპორტდარბაზის მშენებლობა.
ამ ხუთი წლის განმავლობაში სასწავლებელს სტუმრობდნენ - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, კვიპროსის ეკლესიის მეთაური, საქართველოს წმ. სინოდის მღვდელმთავარნი, ათონის მთის ბერ-მონაზვნები, ქართველი მეცნიერები, სტუმრები პოლონეთიდან, ინგლისიდან, ამერიკიდან, რუსეთიდან.
30 ოქტომბერს დილის 9 სთ-ზე დაიწყო სასწავლებლის წმ. გიორგი მთაწმინდელის ტაძარში საზეიმო წირვა. წირვას უძღვებოდა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია, მასთან ერთად მსახურობდა მღვდელი დავით ყურაშვილი, დიაკონები - გიორგი კარელიძე, ბორის ნიჩიპეროვიჩი. გალობდა საკათედრო ტაძრის ვაჟთა და სასწავლებლის მოსწავლეთა გუნდები. მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად წირვას ესწრებოდნენ მშობლები და სტუმრები.
ქადაგებისას მიტროპოლიტმა ანდრიამ აღნიშნა: "ამ სასწავლებლის ხელახალი ფუნქციონირება არის ღვთის დიდი წყალობა და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამისათვის. მიზანი ამ სასწავლებლის გახსნისა იყო ჩვენი შვილების აღზრდა მორწმუნე, ზნეობრივ და სამშობლოს მოყვარულ ადამიანებად მათი ჩამოყალიბება". მსახურების დასრულების შემდეგ სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სცენარი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით.
|
|
ფოტომასალა
|