JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic
 









დიდი მარხვის IV- კვირას ათონის წმიდა მთას ეწვია ქართველ მომლოცველთა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია.
ჯგუფი შედგებოდა სასულიერო და საერო პირთაგან. მათ შორის იყვნენ პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში - ბატონი ზურაბ არსოშვილი თანმხლებ პირებთან ერთად და სამთავისისა და გორის ეპარქიის მღვდელმსახურები.
ქართველმა მომლოცველებმა მოილოცეს რამოდენიმე მონასტერი. ისინი პირველად ეწვივნენ ათონის მმართველობას - წმიდა კინოტს, სადაც შეხვდნენ ათონის წმ. კინოტის წლევანდელ თავმჯდომარეს, დიდი ლავრის წარმომადგენელს მღვდელმონაზონ პავლეს და კინოტის სხვა წევრებს.
წმ. კინოტი მდებარეობს კარიესში (ე.წ. ათონის ცენტრი). კარიესში მომლოცველთა ჯგუფმა მოილოცა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ”ღირს არსის” სასწაულმოქმედი ხატი. შემდეგ ისინი ეწვივნენ წმ. მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სკიტეს, სადაც ემთხვივნენ მისი თავის წმინდა ნაწილს. კარიესში, იქ სადაც იმყოფება სიმონა-პეტრას მონასტრის მუდმივი წამომადგენლობა, მათ მოილოცეს და თაყვანი სცეს წმიდა ტრიფონის სასწაულმოქმედ ხატს.
ამის შემდეგ მომლოცველთა ჯგუფი გაემართა ივირონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერში, სადაც ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ ნათანაელთან გულთბილი შეხვედრის შემდგომ ქართველ მომლოცველებს დაათვალიერებინეს ივირონის მონასტრის ახლადგაკეთებული მუზეუმი, სადაც არის გამოფენილი ბერ იოანე (თორნიკე ერისთავის) ჯაჭვის პერანგი, ქართველ ბერთა მიერ შესრულებული ხელნაწერები, ჭედურობისა და ნაქარგობის ქართული ნიმუშები, მონასტრის ღირსშესანიშნავი ისტორიული ნივთები. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სავედრებელი პარაკლისი აღასრულა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატთან. პარაკლისის შემდეგ მომლოცველები გავიდნენ ზღვის ნაპირზე და ნახეს ის ადგილი სადაც გაბრიელ ათონელმა ზღვიდან ამოსვენების შემდეგ დააბრძანა ღვთისმშობლის ხატი და სადაც აღმოცენდა სასწაულთმოქმედი წყარო. ქართველ მომლოცველებს ათონის მთაზე მასპინძელობდა სიმონა-პეტრას მონასტერი.
შაბათს დილით გაიმართა ქართული წირვა მონასტრის სასაფლაოს ტაძარში, წირვის შემდეგ მომლოცველები ეწვივნენ წმ. ნიკოლოზის კელიას, რომელიც განლაგებულია მონასტრის კუთვნილ ვენახში, სადაც ისტორიულად მზადდებოდა მონასტრის ღვინო.
კვირას, წმ. მღვდელმთავარ გრიგოლ პალამას ხსენების დღეს, ღამისთევის და წმ. ლიტურგიის მსახურების შემდეგ, მომლოცველთა ჯგუფი ესტუმრა წმ. მთის ვათოპედის მონასტერს, სადაც ოთხი ქართველი მონაზონი მოღვაწეობს. მომლოცველები შეხვდნენ მონასტრის წინამძღვარს - არქიმანდრიტ ეფრემს, ქართველ მონაზვნებს, იქ მყოფ მომლოცველ და მომუშავე ქართველებს, მოილოცეს ვათოპედის მონასტრის სიწმინდეები, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სრტყელი, ღვთისმშობლის შვიდი სასწაულმოქმედი ხატი, ემთხვივნენ მონასტერში დაცულ წმ. ნაწილებს, რომელთა შორის გამორჩეულია წმ. მღვდელმთავრების - გრიგოლი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის თავის ქალა.
სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია დაესწრო მონასტრის ძმობის საკვირაო შეკრებას და ესაუბრა მათ.
ორშაბათს, არქიმანდრიტ ეფრემთან შეხვედრის შემდგომ, ქართველ მომლოცველთა ჯგუფის ნაწილი საქართველოში გამოემგზავრა.
მიტროპოლიტი ანდრია სასულიერო პირებთან ერთად გაემგზავრა ათონის მთის გრიგორიუსის მონასტერში, სადაც ასევე მოღვაწეობს ოთხი ქართველი მონაზონი. მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი გიორგი შეხვდა ქართველ მომლოცველთა ჯგუფს, მათ ისაუბრეს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ათონის მთაზე ქართველთა დამკვიდრების შესახებ.
25/III (7/IV) ხარების დღესასწაულზე, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ ქართველ და ათონის მთის მღვდელმსახურებთან ერთად სადღესასწაულო მსახურება აღასრულა სიმონა-პეტრას მონასტერში. ამის შემდეგ მომლოცველთა ჯგუფი საქართველოში გამოემგზავრა.













ფოტომასალა