JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic
 









17-24 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის მოწვევით, სტუმრობდა ათონის წმ. მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი თანმხლებ პირებთან ერთად. ეს ვატოპედის მონასტრის საძმოს პირველი სტუმრობა იყო საქართველოში. ამ მონასტერს თავისი მნიშვნელობით მეორე ადგილი უჭირავს ათონის მთაზე. იგი დაარსებულია ათანასე ათონელის მოწაფეების მიერ.
არქიმანდრიტი ეფრემი სათავეში ედგა ვატოპედის მონასტრის აღორძინების საქმეს, რომელიც მძიმე მატერიალურ და სულიერ მდგომარეობაში ჩაიბარა. ამჟამად მონასტერში ცხოვრობს 120 მონაზონი ძმა, და რაც მთავარია, - ქართველი მონაზვნებიც. მამა ეფრემი ქართველების ათონის მთაზე დამკვიდრებას გულშემატკივრობს. ის თავისი დროის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე-სასულიერო პირია, რომელსაც იცნობენ ყველა მართლმადიდებელ ქვეყანაში.
სტუმრების ვიზიტი დაიწყო საქართველოს საპატრიარქოში მის უწმინდესობასთან შეხვედრით. ვატოპედის მონასტრის დელეგაციამ მოილოცა საქართველოს ეკლესიის სიწმინდეები, - სვეტიცხოველი, სადაც აღვლენილი იქნა წირვა, სამთავრო, შიომღვიმის მონასტერი, წმ. ნინოს საფლავი ბოდბეში, იოსებ ალავერდელის განსასვენებელი ალავერდის მონასტერში. თბილისის ტაძრები. დელეგაცია ეწვია სასულიერო აკადემიას, მცხეთა-თბილისის ეპარქიის რამოდენიმე მონასტერს (ბევრეთის იოანე ნათლისმცემლის დედათა და წმ. ბასილი დიდის მამათა მონასტრები, ფერისცვალების და წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის მონასტრები). შეხვედრა შედგა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერისტეტში, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ”ერთსულოვნებაში”, სადაც დელეგაციას უმასპინძლა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, შეხვდა აფხაზეთის ლეგიტიმურ თავმჯდომარეს - ბატონ გიორგი ბარამიას და აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ გია გვაზავას.
წმიდა მთის მამები სტუმრობდნენ სამთავისისა და გორის ეპარქიას. მათი სტუმრობა დაიწყო ატენის დედათა მონასტრიდან, სადაც წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში აღვლენილი იქნა საღვთო ლიტურგია. არქიმანდრიტი ეფრემი ესაუბრა იქ შეკრებილ მრევლს და დალოცა ისინი. გაიმართა საუბარი ჩვენი ეპარქიის სამონაზვნო დასთან.
დედათა მონასტრიდან დელეგაცია წამოვიდა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში, სადაც მათ ელოდებოდნენ მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები. სტუმრებმა დაათვალიერეს სასულიერო გიმნაზიის შენობა. გიმნაზიის მოსწავლეებმა გაუმართეს ათონელ მამებს მცირე წარმოდგენა. მამა ეფრემმა აღნიშნა ქართული კულტურისა და ტრადიციის მნიშვნელობა ერისთვის, მისი შენახვის და შესწავლის აუცილებლობა ახლაგაზრდა თაობისათვის. გიმნაზიის შემდეგ სტუმრები ეწვივნენ გორის საკათედრო ტაძარს და საეპიკოპოსო რეზიდენციას. ამის შემდეგ დელეგაცია გაემართა წმ. ნინოს ტაძარში, რომელიც არის ქ. გორში, კვერნაკის მთაზე, სამაჩაბლოდან დევნილთა დასახლებაში.
არქიმანდრიტი ეფრემის სამშობლო არის კვიპროსი. მან საკუთარ თავზე და თავის ოჯახზე გამოსცადა დევნილობის სიმძიმე. თურქების მიერ კვიპროსის ოკუპაციის დროს იქნა მოკლული მისი მამა და ამიტომაც სიტყვები, რომლითაც მამა ეფრემმა მიმართა დევნილ მოსახლეობას, გულიდან იყო ამოსული, ეს იყო სიტყვები გამხნევებისა და ნუგეშისა. ვატოპედის მონასტრის მამების სტუმრობას საქართველოში სიხარულით შეხვდა სასულიერო დასი, ბერ-მონაზვნობა, მრევლი. როგორც არქიმანდრიტმა ეფრემმა აღნიშნა, საქართველომ, მისმა ხალხმა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ მასზე ღრმა და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.
მამა ეფრემს ბევრი ადამიანი მასპინძლობდა, მათ შორის აღსანიშნავია ბატონი ლაშა პაპაშვილი, რომელიც იყო ამ სტუმრობის ერთ-ერთი ორგანიზატორი.













ფოტომასალა