JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic
 








წმიდა მამათა გამონათქვამები


წმიდა ისააკ ასური

”სულიერი სიბრძნე ამსოფლიური სიბრძნისაგან იმით განირჩევა, რომ სულიერი სიბრძნისგან, სულში დუმილი დაემკვიდრება, ხოლო ამსოფლიური სიბრძნისგან - მრავლისმეტყველებისა და განცხრომის წყარო გადმოდის”.

”უმოწყალო სული სიბრძნეს განშორდება, ხოლო მოწყალე სული სულიწმიდის მიერ მიიღებს სიბრძნეს”.

”იდევნე შენ და ნუ სდევნი სხვათა. ჯვარს ეცვი და ნუ ჯვარს აცვამ. ივნე და სხვას ნუ ავნებ. თავს იდევ ცილისწამება და ნუ დასწამებ ცილს. იყავ წესიერი და ნურავის ეშურები ბოროტსა ზედა”.

”ლოცვა იმ ადმიანისა ვისაც ძვირი ახსოვს, კლდეზე დათესილ თესლს ჰგავს. უწესო მოღვაწე - უნაყოფო ხეა. შურით მხილება მოწამლული ისარია. ბრძენთა საუბარი ტკბილი წყაროა. ბოროტის მოქმედ კაცთან ყოფნას მხეცებთან ერთად ყოფნა სჯობს. განრღვეულთა შორის ჯდომა სჯობს ამპარტავანთა შორის ჯდომას”.

”იმ დღეს როდესაც ვინმეზე ცუდს იტყვი შენი თავი მკვდრად ჩათვალე უფლის წინაშე”.

”როგორც აგიზგიზებული ცეცხლის ალს ვერავინ შეაჩერებს რომ ზეცად არ ავიდეს, ასევე მოწყალე კაცის ზეცად მიმავალ ლოცვას ვერავინ შეაჩერებს”.

ბოროტი ჩვეულების უფრო გეშინოდეს ვიდრე მტრებისა.

სული რომელიც თავად სნეულია და სხვებს ასწავლის ბრმა წინამძღოლს ჰგავს.

ის ვინც ლოცულობს და მარხულობს მაგრამ ძვირისმხსომელია იმ კაცს წააგავს ვინც ზღვაზე თესავს და იმედი აქვს რომ მოიმკის.


წმიდა ანტონი დიდი

კადნიერად და უდებებით შესრულებული ლოცვა-უქმისმეტყველებაა მხოლოდ.

ვინც ყურად არ იღებს შენს სიტყვებს, ნუღარაფერს ეტყვი მას.

სიმდაბლე არის ის, რომ ყოველი ადამიანი შენზე უკეთესად მიგაჩნდეს... მიაჩვიე ბაგეები სიტყვას: ”მაპატიე” და მოვა სიმდაბლე... უწინარეს ყოვლისა, ნუ შეიქმნი შენს თავზე რაიმე წარმოდგენას და იქნები მდაბალი... გეშინოდეს იმისა, რომ შენს მიერ ჩადენილი რაიმე საქმის გამო სახელგანთქმული გახდე.

ადამიანებს, რომელთაც ბუნებით შინაგანი სიკეთე არ აქვთ, იმედი არ უნდა გადაიწურონ, არ უნდა ეგონოთ, რომ მათთვის ღვთისმოშიში და სათნოყოფილი ცხოვრება მიუღწეველია, არამედ ღრმად უნდა ჩაუფიქრდნენ საკუთარ თავს და თავიანთი სულის გადასარჩენად ძალისხმევა არ დაიშურონ.

ვინც მთელი სულით და გულით, მთელი თავისი არსებით არ შეიძულებს ყოველივე იმას, რაც ნივთიერი და მიწისმიერი სხეულისთვისაა დამახასიათებელი; ვინც არ მოიძაგებს ყოველგვარ ხორციელ აღტყინებასა და ლტოლვას და საკუთარ გონებას ყოველთა შემოქმედ მამა-ღმერთს არ მიაპყრობს ზეცად, - ის ვერ მოიპოვებს სულიერ ხსნას.

ჭეშმარიტი სიყვარული ღმერთისაგან მომდინარეობს და მხოლოდ იმას მოენიჭება, ვინც განუწყვეტლივ აიძულებს თავს, უარყოფდეს საკუთარ ნებას და ყოველივეში მხოლოდ ღმერთის ნებას ასრულებდეს.

აბა დარგეთ კეთილნაყოფიერი მცენარე ეკალსა და კუროსთავს შორის! - იგი მოიშთობა და ნაყოფსაც ვერ გამოიღებს. აი, ამგვარადვე ითრგუნება, მშფოთვარე და ბოროტი ზნის ადამიანების თავაშვებულობით, ყოველგვარი სიკეთეცა და სარწმუნოებრივი გრძნობაც. ბრძენ და სათნო ადამიანებთან ურთიერთობას კი, პირიქით, ძალუძს სიკეთისაკენ წარმართოს დამახინჯებულ-გარდაქცეული გულიც კი. ამიტომ ბრძენ ადამიანებთან ურთიერთობა ყველაზე კარგი სასწავლებელია გულისათვის, და ვისაც წმიდა, ბრძენ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა, თავადაც განიწმიდება.

ნელსაცხებელთა და კეთილსურნელებათა გამყიდველთან მისული ადამიანი თვითონაც კეთილსურნელებით აღივსება. ასევე, კეთილმსახური ადამიანების გვერდით მყოფი ზოგჯერ შეუმჩევნელადაც ეჩვევეა მათი სათნოებების მიბაძვას.

ნუ გექნება ურთიერთობა მზაკვარ ადამიანთან. ესევითართან დამეგობრება ეშმაკთან დამეგობრებას ნიშნავს.

არასდროს მისცე თავს ნება, კაცობრივი მეგობრობის გულისათვის გარდახდე საღმრთო მცნებებს.

ყველასადმი კეთილად იყავ განწყობილი, ოღონდ ყველას ნუ გაიხდი მრჩევლად.

ყველას ნუ გაუმხელ შენს გულისნადებს, არამედ მხოლოდ იმას მიენდე, ვისაც შენი სულის განკურნვა შეუძლია.

შეიყვარე თავმდაბლობა და მორჩილება, და ეს შენს ყველა ცოდვას გადასწონის.

არიან ადამიანები, რომელთაც მოსაგრე ცხოვრებით გაუთანგავთ თავიანთი სხეული, მაგრამ ღმერთს კი მოშორებიან, რადგან ვერ შეუძენიათ ჭეშმარიტი გულისხმისყოფა.

ბრძენი იყავ და მდუმარებით დაუყავ პირი იმათ, ვინც ბოროტს იტყვის შენზე! არ განურისხდე მათ და არც აგინო.

თუკი ისეთი ცოდვისათვის გაგკიცხავენ, რომელიც არ ჩაგიდენია, თავმდაბლად და მორჩილად მიიღე გამკიცხველის საყვედური, და მაშინ უხრწნელ გვირგვინს დაიუფლებ.

ყველა ცოდვა საძაგელია ღმერთის წინაშე, მაგრამ მათ შორის სწორედ ამპარტავნებაა უსაძაგლესი.

როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძილერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნოეყო და არა - ძლიერთა ამა ქვეყნისა!

ყველაზე მეტად ღმერთისა და საუკუნო სატანჯველის გეშინოდეს, და ნუ შეგეშინდება ადამიანებისა და მათი ხანმოკლე გაბოროტებისა.

არა ჯერ არს ადამიანთა ნებისათვის გადავდოთ ღმერთისაგან ჩვენზე დაკისრებულს საქმეთა აღსრულება.

ნუ უგულებელსყოფ ღმერთის ნებას, რათა ადამიანთა ნება აღასრულო!

ვინც უდაბნოში ცხოვრობს და მდუმარედ ჰგიებს სხვებზე მეტად თავისუფალია სამი - სმენისმიერი, ხედვისმიერი და ენისმიერი საცდურისაგან; ესევითარი ერთი - გულისმიერი საცდურის წინაშეღა რჩება.

ამაო საუბრებს აყოლა პირდაპირი გზაა უჯერო საქმეებისაკენ.

თავი შეიკრძალე, ჰოი კაცო, და ხელმწიფებით იპყარ ენა შენი, რათა არამრავლად ისიტყვო და ამით ცოდვებიც არ განიმრავლო!

ნუ გაამყარებ უწინ ჩადენილ ცოდვებს შენს სულში მათი ხშირი გახსენებით, რათა კვლავ და კვლავ არ განგიახლდეს მათი დაგემოვნების სურვილი! მტკიცედ გჯეროდეს რომ ყველა ისინი უკვე მოგეტევა იმჟამიდან, ოდეს ღმერთს მიუძღვენი საკუთარი თავი და გულწრფელად შეინანე. ამაში ნურასოდეს დაეჭვდები!

გინახავთ, რა ტანჯვით იხუთება ნაპირზე გადმოგდებული თევზი?! აი, ასეთივე ტანჯვით შეიხუთება მძიმედ შეჭირვებული ჩვენი სულიც, როცა იგი, მანამდე მხოლოდ ამა ქვეყნისათვის მცხოვრები, პირდაპირ დადგება მისი დატოვების აუცილებლობის წინაშე. მაშინ ძალზე ვინანებთ ყოველი იმ წუთის გამო, რომელიც შეგვეძლო სულის სარგებლობისათვის გამოგვეყენებინა, მაგრამ არ გავაკეთეთ ეს და უქმად დაგვეკარგა ისინი. მაშინ ძალზე ვინანებთ ყოველი იმ უზაკველი სიხარულის გამო, რომლითაც შეგვეძლო დავმტკბარიყავით, მაგრამ არ დავტკბით, რადგან ამაო, წარმავალი გრძნობისმიერი სიამენი გვიშლიდა ხელს და თავისკენ გვიტაცებდა მაცთუნებელი მომხიბლაობით. მაშინ ძალზე ვინანებთ ყოველი იმ შემთხვევისათვის რომელიც ღმერთისაგან მოგვემადლა სათნოებაში ჩვენს განსამტკიცებლად, და ხელიდან გავუშვით ისინი. მაშინ ჩვენ სრულად შევიცნობთ, თუ რა კნინ ფასად გაგვიყიდია ამქვეყნად ჩვენი უფლება ცათა სასუფევლის დამკვიდრებაზე და რა ძვირად მოგვისყიდია გეჰენიის ცეცხლი! და მაშინ, ცხადად შეიცნობ შენ, ჰოი ცოდვილო ადამიანო, თუ რა ძვირფასი ყოფილა ის დრო, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრებისას უქმად დაგიკარგავს. მაგრამ იმ მძიმე ჟამს, როცა იძულებული იქნები დასტოვო ეს ქვეყანა, უკვე მეტისმეტად გვიან იქნება რაიმე გამოასწორო! მაშინ კი ისურვებდი ნებისმიერ ფასად გეყიდა იგი, მაგრამ ვერ კი შეიძლებ!

ნუ დასტკბები ამქვეყნიური შვება-სიამით, რადგან იგი ყველაზე სავალალო სიკვდილით მოგაკვდინებს.

ყოველთვის ასე იფიქრე და შეაგონე საკუთარ თავს: ამქვეყნად მხოლოდ დღევანდელი დღეღა დამრჩა საცხოვრებლად, მეტი არა-თქო, და აღარასოდეს შესცოდავ ღმერთის წინაშე

თუკი ადამიანი ვერ შეიძენს სრულყოფილ თავმდაბლობასა და მორჩილებას - მთელის გულით, მთელის სულით, მთელის გონებით, მთელის სამშვინველითა და მთელის სხეულით იგი ვეღარ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს.

იმ დღიდან მოყოლებული, ოდეს უფალმა იესო ქრისტემ, თავისი სახიერებითა და მოწყალებით, განმიღვიძა გონება მომაკვდინებელი ძილისაგან, დიდად ვგოდებდი და უნუგეშოდ ვკვნესოდი ადამიანის უძლურების გამო, და ახლაც ხშირად ვფიქრობ: განა რისი მიცემა ძალგვიძს უფლისათვის იმის სანაცვლოდ რასაც მისგან ამჟამად ვიღებთ და მომავალშიც უთუოდ მივიღებთ, ანუ ყოველივეს იმისათვის, რაც მას მოუმოქმედებია ჩვენი ხსნისათვის?! აკი თავის ანგელოზებსაც უბრძანა, წმიდა სახარება ექადაგათ ჩვენთვის! და ყოველივე ამას ხომ განუზომლად აღემატება თვით მისი განგებულება, რომლითაც თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ქვეყნად ჩვენი ხსნისათვის და სიკვდლისაც არა ჰრიდა, რათა ჩვენ გამოვესყიდეთ სიკვდილის, ცოდვის და ეშმაკის ტყვეობისაგან! მაშ, განვიღვიძოთ გონება ძილისაგან და გულიც აღვიგზნოთ ღვთისმოშიშების ცეცხლით!

როცა ადამიანში ცოდვის ბუნება განქარდება, მის სულს ღმერთი ეცხადბა და განწმენდს სხეულთან ერთად. ხოლო თუ მის სხეულში კვლავაც ბატონობს ცოდვა, მაშინ ადამინას არ ძალუძს ღმერთის დანახვა, რადგან მისი სხეული იმგვარი სხეულითაა შემოსილი, რომელშიც ნათელი არ არის, - ნათელის გარეშე კი შეუძლებელია ღმერთის ხილვა და შეცნობა.

თუკი გსურთ წარმატებულად იღვწოდეთ სათნოებათა მოსაპოვებლად და სრულყოფილად აღირძინდებოდეთ სულიერად, მარადის მშვიდნი და აღუშფოთველნი იყავით გულით, და თუ შეძლებთ ამას, არასდროს არ იქნებით სირცხვილეულნი ეშმაკისაგან. თუ ეს ნამდვილად გსურთ, ძმანო, მთლიანად დაემორჩილეთ თქვენს სულიერ მამებსა და მოძღვრებს, ყველა მათი რჩევა-დარიგება მოისმინეთ, და მაშინ, ესევითარნი შემოსილნი ქრისტესმიერი თავმდაბლობითა და მორჩილებით, არასოდეს არ დაეცემით.

ვინც ყოველივეში ღმერთის ნებას დაემორჩილება, - ის კი თაფლის გოლეულზე უტკბილესია ადამიანის სულისათვის და ყოველგვარი სიხარულით აღავსებს მას, - ესევითარს ღმერთის ნება თვით შეეწევა და ყველა საქმეში გაამტკიცებს, მოჰმადლის საკვირველ საქმეთა აღსრულების ძალას და ყოველ სავალ გზასაც განუმზადებს, რადგან ასეთი ადამიანი დიდად სათნოეყოფა ღმერთს. მაშინ მტერთაგანაც ვერავინ შესძლებს წინ აღუდეგს და დააბრკოლოს ღმერთის ნების კვალობაზე მავალი კაცი.

მთავრები და ბატონკაცები, რომლებიც აიძულებენ ადამიანებს უჯერო და სულისათვის მავნე საქმეები აკეთონ, არ ბატონობენ სულზეც, რადგან ღმერთს იგი თავისუფლად და საკუთარი ნებელობის ხელმწიფედ შეუქმნია. ისინი მხოლოდ ქვეყნიურ საქმეებს განაგებენ და ხელი არა აქვთ ადამინის ღვთივმიმადლებულ თავისუფალ ნებასთან. თავისუფალი ნება შემოქმედი ღმერთის მიერ ყოველი ადამიანისათვის ბოძებული ნიჭია, რომელიც მას ყოველგვარ ამქვეყნიურ ხელმწიფებაზე, იძულებაზე და მთავრობაზე აღმატებულად შეიქმს.

სიკვდილი - უკვდავებაა იმ ადამიანთათვის, რომელთაც იციან შემოქმედი ღმერთი, უცნობელთა და ურწმუნოთათვის კი სიკვდილი ნამდვილად მოკვდომა და დაღუპვაა. ამიტომ ჩვენ ყველაზე მეტად სულიერი დაღუპვისა უნდა გვეშინოდეს, რაც არის კიდეც ღმერთის უცნობელობა და ურწმუნოება. ეს უნდა იყოს ყველაზე შესაზარი და საშინელი ადამიანის სულისათვის.

უკეთურ ადამიანს, როცა ის გაბოროტებულია, შეუძლია მოკლას სხვა ადამიანი. შემოქმედი ღმერთი კი, უსაზღვროდ მოყვარული თავისი ქმნილებისა, განუწყვეტლივ მოჰმადლის სიცოცხლის ნიჭს თვით უღირს ადამიანებსაც კი, რამეთუ სწორედ იგია ერთადერთი უშურველი, ყველას მიმართ უხვი და კეთილი. კეთილად ინება მან, რომ არსებულიყო სამყარო, და იგიც შეიქმნა - არსებობა იწყო და აი, კვლავაც არსებობს და მარადისი იარსებებს. და ეს ყოველივე ადამიანისათვის და მისი უკვდავი ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილი სულისათვის იქმნა!

სიკეთე ისევე უხილავია, როგორც ყოველივე ის, რაც ცათა შინა ჰგიებს. ბოროტება კი ისეთივე ხილულია, როგორადაც ამქვეყნად არსებული ყოველი ქმნილება. სიკეთე არის იმგვარი რამ, რისი შედარებაც რაიმესთან შეუძლებელია. მაგრამ ადამიანს, ვისაც ღმერთისაგან გონიერება აქვს მომადლებული, ძალუძს სიკეთე თავის ხვედრად ამოირჩიოს. მხოლოდ ადამინას აქვს უნარი შეიმეცნოს ღმერთი და მთელი მისი ქმნილება.

მხოლოდ ადამიანს უსმენს ღმერთი ქვეყნიურ ქმნილებათაგან და მხოლოდ მას ერთს ეცხადება, რადგან ღმერთი კაცთმოყვარე და დიდად მოწყალეა. სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ადამიანი, ღმერთი ყოველთვის მის სიახლოვესაა. მხოლოდ ადამიანია ღმერთის ღირსეული თაყავნისმცემელი და მხოლოდ მისთვის იცვლის ფერს ღმერთი. ადამიანებისათვის შეჰქმნა ღმერთმა ცანიც, შემკულნი ვარსკვლავებითა და მნათობებით: ადამიანისათვის გააჩინა ეს ქვეყანაც - დედამიწა, და ადამიანიც ხომ თავისი სარგებლობისათვის ამუშავებს მიწას. ამიტომ ისინი, ვისაც ვერ შეუგრძვნია შემოქმედი ღმერთის ასეთი განგებულება, უგულისხმო და უცნობელი ადამიანები არიან.

ღმერთმა ადამიანს დედამიწაზე დაბადება და სიკვდილი განუჩინა, ხოლო ცათა შინა - ყოველმხრივი სრულყოფილება და უცვალებელი არსებობა. ყოველივე, რაც კი არსებობს, ღმერთმა ადამიანისა და მისი უკვადავი სულისათვის შეჰქმნა. უზენაესმა შემოქმედმა, რომელიც თავისთვის არანაირ სიკეთეს არ საჭიროებს და ყოველივეთი სრულყოფილია, ადამიანისათვის განამზადა ცანი, დედამიწა და ბუნებრივი მოვლენები, ხოლო მათი მეშვეობით ყოველგვარი სიკეთე მოანიჭა მას.

ამქვეყნად არსებულ ქმნილებათაგან მხოლოდ ერთს - ადამიანს აქვს უნარი თავის არსებაში მიიღოს ყოვალდ უსაზღვრო ღმერთი, რადგან მხოლოდ ასეთ გონიერ ქმნილებასთან ლაპარაკობს ღმერთი - სიზმრისეულ ხილვა-ჩვენებათა მეშვეობით იქმს ამას, დღისით კი - გონების გზით. თავის ღირსეულ თაყვანისმცემლებს ღმერთი ბევრს რასმე წინასწარ განუცხადებს და საცნაურად მიანიშნებს კიდეც მომავალ საუკუნო სიკეთეებს.

მხოლოდ ერთი რამაა შეუძლებელი ადამიანისათვის - სიკვდილი აიცილოს თავიდან და უკვადავი შეიქმნას ამქვეყნადვე თავის სხეულში. ღმერთთან ზიარების მიღწევა კი მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი გულისხმა-ჰყოფს, თუ სინამდვილეში როგორ, რა გზით მიიღწევა ჭეშმარიტი უკვდავება.

უხრწნელი გვირგვინი, სათნოება და ხსნა ადამიანის სულისათვის არის დათმენა ყოველგვარი უბედურებისა და, ამავე დროს, ყოველივესთვის მადლობის მიძღვნა შემოქმედი ღმერთისათვის. აღვირასხმა მრისხანებისა, ენისა, გმეოთმოყვარებისა და ხორციელ სიამეთა ნდომისა უდიდესი შეწევნაა სულისათვის.

ყველაზე დიდი სენი ადამიანის სულისათვის, ყოვლად დამღუპველი მისთვის, არის შემოქმედი ღმერთის დავიწყება და აქედან გამომდინარე ამპარტავნება. ბოროტის ნდომა სხვა არაფერია, თუ არ მოკლება სიკეთისაგან; სიკეთე კი ჩვენთვის, ადამიანისთვის, იმაში მდგომარეობს, რომ ხალისით ვიქმოდეთ ყოველივე იმას, რაც ღმერთს ნებავს და სათნოეყოფა.

ადამიანს არაფრით არ ძალუძს ჭეშმარიტად კეთილი შეიქნას, როგორადაც არ უნდა სურდეს ეს, თუკი მასში ღმერთი არ შესახლდება, რადგან არავინაა კეთილი და სახიერი, თვინიერ ღმერთისა მხოლოისა!


წმიდა აბბა ისაია

როგორც შეუძლებელია ერთი თვალით ზეცას შეჰყურებდე, მეორეთი კი მიწას - ასევე შეუძლებელია ზრუნავდე ერთდროულად ზეციურსა და მიწიერზე.

სმარცხვინოა ზრუნვა ისეთ საქმეზე, რომელიც ვერაფრით შეგეწევა, როდესაც სული სხეულს დატოვებს.

სხვას ყველაფერი მიუტევე, საკუთარ თავს კი ნურაფერს შეუნდობ.

მიმტევებლისათვის სამსჯავროც მიმტევებელი იქნება.

ვინც თავის გრძნობებზე მბრძანებლობს, სიმშვიდეში ატარებს ცხოვრებას.

თუ შენს გულს ხორციელი სილამაზე აცდუნებს, წარმოიდგინე როგორ გაიხრწნება იგი და დამშვიდდები.


წმიდა ნილოს სინელი

იფიქრე ზეციურ საუნჯეზე და ვერანაირი მიწიერი საზრუნავი და ამქვეყნიური ტკბობა ვერ შეგეხება.

მარხვა და ლოცვა განუყრელნი არიან.

ნუ იტყვი: ”მტერს საზღაურს მივუზღვავ”, რადგან ზეცაში გყავს მართლმსაჯული. არა მარტო კაცთა შორის უნდა ეძიო მშვიდობიანი კავშირი, არამედ შენ სხეულში, შენ სულში, შენს სამშვინველში.

თავიდან ცოტათი მაინც რომ დავატანოთ ძალა თავს, შემდეგ ყველაფრის იოლად და სიხარულით კეთებას შევძლებთ.

სათნოების ღვაწლი დიდია, ჯილდდო კი უფრო დიდი და მაღალი, ვიდრე ეს ღვაწლია.

გინდა უშრომელად აკეთო სიკეთე? თქვი, რომ შრომა დროებითია, ხოლო ჯილდო - მარადიული.

ცხოვნების დასაწყისი საკუთარი თავის განკითხვაა.

საკუთარ თავს შთავაგონოთ - ნუ განვიკითხავთ სხვებს, რადაგან ჩვენში საკმაოდ ბევრია ის, რაც სხვაში არ მოგვწონს.

მბრძანებლობ კუჭზე? ენაც დაიმორჩილე, რადგან როცა მეორის მონა დარჩები, პირველისაგან განთავისუფლება უსარგებლო არ იყოს.


წმიდა მაქსიმე აღმსარებელი

პატივმოყვარეობის დაძლევა დიდი ღვაწლია. ამისთვის კარგი საშუალებაა ფარულად სიკეთის ქმნა და ხშირი ლოცვა, ხოლო ნიშანი იმისა, რომ ამ ვნებისაგან განთავისუფლდი - ავისმთქმელზე ურისხველობაა.

ვერცხლის მოყვარეობა მაშინ მჟღავნდება, როცა სიხარულით იღებ და მწუხარებით გასცემ.

თუკი ვინმეზე ნაწყენი ხარ, ილოცე მისთვის და ლოცვით გაემიჯნე მისგან მოყენებულ ტკივილს. ამით სულში აღძრულ ვნებებს დააცხრობ, ხოლო როცა დამშვიდდები, კეთილგანწყობა დაგიბრუნდება და წყევას საბოლოოდ განდევნი შენი გულიდან.

ეცადე ჭამა-სმის უფალი იყო და არა მონა.

ვინც ხორცს არ ჭამს და სხვა საჭმელს გადამეტებულად მიიღებს, ღვინოს უზომოდ სვამს და ხორცს აპოხებს, უსარგებლოა მისი მარხვა.

როგორც დასაბამი ნაყოფისა არის ყვავილი, ისე დასაბამი მოღვაწეობისა არის მარხვა.

რომელიც სძლევს მუცელს, იგი მოაუძლურებს ვნებას, და რომელიც ჭამისაგან იძლევა, იგი აღაღორძინებს ბოროტ გულისთქმას.

როგორც ბევრი შეშა ცეცხლს აღაგზნებს, ისე ბევრი ჭამა-სმა აღაგზნებს ბოროტ გულისთქმას.

როგორც ღელვის სიმძაფრე უსაჭო ნავს იტაცებს, ისე უკრძალავსა და უდებებით მიშვებულ გონებას იტაცებს გული-სთქმა სიძვისა.

როცა საყვედურის ან შეურაცხყოფის გამო გიმძიმს, იცოდე რომ ამას დიდი სარგებლობა მოაქვს შენთვის. დამცირების საშუალებით მზვაობრობა განიდევნა შენგან.

რისთვის განცხრები და ზვაობ, კაცო? რად განლაღებულხარ და ღრუბელზე მეტად მაღლობ? გულის-ხმა-ჰყავ ბუნება შენი, რომ მიწა ხარ და ნაცარი და მცირე ხნის შემდეგ მტვრად იქცევი.


წმიდა იოანე ოქროპირი

ნუ იტყვი ცუდს რასა ვიქმნ, თუკი ლამაზ ქალს თვალს ვერ ვაშორებ, რათა ამით შენ გულში იმრუშე და მალე ამას ხორციელად აღასრულებ.

თუ გსურს დატკბე ქალის ცქერით, შენი ცოლის ცქერით დატკბი და გიყვარდეს იგი, ამას არცერთი კანონი არ კრძალავს, მაგრამ თუკი შენს მზერას სხვის სილამაზეს მიაპყრობ, ამით შეურაწყობ შენს ცოლსაც, რადგან მისგან პირს იბრუნებ და იმ ქალსაც, ვისაც უცქერ, რადგან მას ცნებების წინააღმდეგ ეხები.

ისევე როგროც მონათმყიდველები ატყუებენ ბავშვებს, როცა სთავაზობენ მას ხილს, ტკბილეულს, მეორე კი იჭერს და მონად ყიდიან, ზუსტად ასევე იქცევიან ჯადოქრებიც, როცა ადამიანებს პირდებიან სნეულებათა განკურნებას და სანაცვლოდ მათ სულებს წარწყმედენ.

ჭეშმარიტი სარწმუნოება სულ მცირეოდენის შეცვლითაც კი მთლიანად ზიანდება...

ცხოვრება გსურს? დარჩი ეკლესიის წიაღში და იგი არ გაგცემს შენ. ეკლესია გალავანია; თუკი გალავნის მიღმა აღმოჩნდი - წარგიტაცებს მხეცი. ნუ გადაუხვევ ეკლესიის გზას; არაფერია მსოფლიოში მასზე ძლიერი, იგია შენი იმედი, მასშია შენი ხსნა.

მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის! - ეს ფრაზა სასიკვდილო იარას აყენებს ეშმაკს, ხოლო ნებისმიერ განსაცდელში მყოფ ღვთის მადიდებელს ნუგეშს და მხნეობას სძენს. ნურასდროს შეწყვეტ ღვთის მადლიერებას, განსაკუთრებით კი მწუხარებისა და განსაცდელის ჟამს და ეს სხვებსაც ასწავლე.

ნურასდროს მიიღებ შენს გულში ცილისწამებასა შენი ძმის მიმართ, არამედ გააჩერე განმკითხველი და უთხარი: ”დამეხსენ, ძმაო, თავად ყოველდღე უფრო მძიმედ ვსცოდავ, როგორღა უნდა განვიკითხო სხვები?”

მეფე აიძულებს, მღვდელი კი - არწმუნებს; პირველი ბრძანებით მოქმედებს, მეორე კი - რჩევა დარიგებითა და შეგონებით.

ჩვენ, მღვდელმსახურებს, აღთქმა გავქვს მოცემული იმად, რომ სიტყვით, სიმშვიდე მორჩილებითა და დარწმუნებით აღვასრუელბდეთ ადამინათა ხსნას.

ღმერთი შეგონებით მოქმედებს და არა - იძულებით; იგი გვარწმუნებს, გვირჩევს, გვაფრთხილებს ჩვენი ყოველი ბოროტი წამოწყების ჟამს, მაგრამ არასოდეს არ მოქმედებს იძულებით, რამეთუ ჩვენ, მის გონიერ ქმნილებათ, თავისუფალი ნება გავქვს მონიჭებული.

სიყვარული და მისწრაფება სიმდიდრისათვის არაბუნებრივი ვნებაა; სიმდიდრის ნდომა არც ბუნებისმიერია და არც აუცილებელი, - სრულიად ზედმეტია ადამიანისათვის.

სიმდიდრე იმის გამო კი არ არის თქვენთვის საზიანო, რომ ბოროტ ავაზაკებს აიარაღებს თქვენს წინააღმდეგ. არამედ იმიტომ, რომ სრულიად გიბნელებთ გონებას და ტყვედ გაქცევთ უსულო ქონებისა, რითაც სრულიად განგაშორებთ ღმერთს.

საზიანოა არა მხოლოდ ზრუნვა სიმდიდრის მოპოვებისათვის, არამედ ზედმეტი ყურადღებაც კი ყველაზე აუცილებელი საგნებისადმი.

საკმარისი არ არის გძაგდეთ სიმდიდრე და უგულებელჰყოფდეთ ქვეყნიურ სიკეთეთ, - აუცილებელია ღარიბ-გლახაკთაც დააპურებდეთ; უმთავრესი კი ის არის, რომ მთელის არსებით ჩვენს უფალს იესო ქრისტეს შევუდგეთ.

ეკლესია იმისათვის კი არ არსებობს ამქვეყნად, რომ მასში ოქროს ადნობდნენ ან ვერცხლს სჭედავდნენ, - ეკლესია ანგელოზთა მოზეიმე საკრებულოა. ამიტომაც ძღვნად მისთვის სულებს მოვითხოვთ, რამეთუ სწორედ სულთა გამო მიიღებს ღმერთი სხვა ძღვენსაც. ვერცხლის ტრაპეზი როდი იყო მაშინ (უფლის საიდუმლო სერობაზე) და ოქროს სასმისებით როდი აწვდიდა იესო ქრისტე სასუმელს - ღვინოს, ანუ თავის უწმიდეს სისხლს მოწაფეებს. მიუხედავად ამისა, ყოველივე აქ ძალზე ძვირფასი იყო და უაღრესად მოწიწებასაც ჰბადებდა, რადგან სულიწმიდით იყო აღსავსე.

იესო ქრისტეს სხეულს გსურს მიაგო ჯაროვანი პატივი? - ჰოდა, ნუ მოიძაგებ მას, როცა შიშველს ხედავ, ვნებულ მაცხოვარს... ან კი რა სარგებლობა გექნება, თუკი აქ აბრეშუმის სამოსით მიაგებ პატივს, ეკლესიის გარეთ კი სიცივესა და სიშვიშვლის დასათმენად მიატოვებ (როცა ის გლახაკისა თუ მსხემის სახით მოვალს შენთან მოწყალებისა და თავშესაფრის სათხოვნად)... რა სარგებლობა გექნება, თუკი ქრისტეს ტრაპეზი სავსე იქნება ოქროს ჭურჭლით, თვით მაცოხვარი კი შიმშილით გაიტანჯება... შენ ოქროს თასს აკეთებ ქრისტეს პატივად, მაგრამ არ აწვდი გრილ წყალს მწყურვალ ქრისტეს!... ქრისტე, ვითრცა უსახლკარო მწირი, დადის ამქვეყნად და თავშესაფარს ითხოვს, შენ კი ნაცვლად იმისა, რომ შენს ჭერქვეშ შეიწყნარო იგი, იატაკს, კედლებს, სვეტისთავებს შეამკობ და ცხენებსაც კი ვერცხლის საბლით აბამ, მაშინ, როდესაც საპყრობილეში ვნებული ქრისტე, ვისაც რკინის ბორკილები ადევს, არც კი გსურს მოინახულო!...

დასაბამი და ფესვი ყოველგვარი სიმდიდრისა უსათუოდ რაღაც უსამართლობაში, რომელიღაც ძალადობაშია.

თუკი ვინმე ქრისტიანთაგან მოწყალებას არ გასცემს, იგი საუფლო საქორწინო პალატთა მიღმა დარჩება და დაიღუპება, ამიტომ ხელნიცა შენნი ოდენ ზეცისაკენ კი არა, ღარიბ-ღატაკთა შესაწევნელადაც განიპყარ!

განა უდიდეს მოწყალებას არ გაიღებს ადამიანი, თუკი უაღრესი სევდა-დაღონებით შეპყრობილ სულს შეხვდება, უდიდეს განსაცდელში ჩავარდნილს, ერთიანად მოცულს მძაფრი ვნების ცეცხლით, და გაათავისუფლებს მას ამ სნეულებისაგან?!...

განა რა გონებით უნდა ჩასწვდეს ადამიანი შემოქმედ ღმერთს, თუკი მას ჯერ ის გონებაც არ შეუმეცნებია, რომლითაც მიუწვდომელის წვდომა სურს?!

არაფერი ისე არ ნებავს და სთნავს ღმერთს ჩვენგან, როგორც მადლობის მიძღვნა ყოველთვის და ყველაფრისათვის.

როცა ამბობ - ღმერთი კაცთმოყვარეაო და არ დამსჯისო, ამით, უნებლიედ, იმას ამტკიცებ, რომ ღმერთი აღარ იქნება კაცთმოყვარე, თუკი ვინმეს, დაე, თუნდ შეუნანებელ ცოდვილს, დასჯის.

როგორც დათესილი მარცვალი საჭიროებს წვიმას, ასევე ჩვენთვისაც აუცილებელია ცრემლთა ღვრა. როგორც მიწას ესაჭიროება მოხვნა თუ დაბარვა, ასევე ჩვენი სულისთვისაც აუცილებელი ყოფილა სხვადასხვა განსაცდელნი, საცთურნი და მწუხარებანი, რათა მან ღვარძლი არ აღმოაცენოს, არ გაამპარტავნდეს და სასტიკი არ შეიქნას. საგულდაგულო დამუშავების გარეშე ხომ მიწაც არ გამოსცემს კეთილ ნაყოფს.

ღმერთი არ დაუშვებს, რომ ჩვენ განუწყვეტელ შეჭირვებაში ვიყოთ ამქვეყნად, რათა სასო არ წარგვეკვეთოს. ამასთან, არც იმას დაუშვებს, რომ გამუდმებით კეთილდღეობითა და სიხარულით ვჰგიებდეთ, რათა არ დავეცეთ.

ღმერთი სამუდამოდ არც უბედურებაში სტოვებს ადამიანებს, რათა სრულიად უღონონი არ შეიქნან, და არც - ბედნიერებაში, რათა დაუდევრობით არ ევნონ და სხვებზე ზრუნვა არ დაივიწყონ, რამეთუ იგი სხვადასხვა საშვალებებითა და ღონით განაგებს ადამიანთა ხსნას.

კეთილდღეობა გწვევია? - მადლობა მიუძღვენი ღმერთს, და ეს შენი ბედნიერი ყოფაც მტკიცე იქნება. ხოლო თუკი უბედურებაც გადაგატყდება თავს, კვლავაც მადლობა შესწირე შემოქმედ ღმერთს და ყველაფრისათვის განადიდე იგი! რამეთუ თუკი ამას წრფელი გულით იქმ, მაშინ შენს უბედურებასაც ბოლო მოეღება!

ვისაც საღმრთო წიგნები აქვს შინ, უდიდეს სარგებლობასა და ნუგეშს მიიღებს მათგან, რადგან ხშირად ოდენ ისიც კი გვართმევს ცოდვის ჩადენის სურვილს, თუკი თვალს შევავლებთ წმიდა წიგნს და ღმერთი გაგვახსენდება.

მსაჯულნი დააშინებენ ადამიანებს, მღვდელნი კი, დაე, ნუგეშს სცემდნენ! მთავარნი ემუქრებიან მათ, ეკლესია კი, დაე, განამხნევებდეს! ყველას მეშვეობით კი ღმერთი ჩვენს ცხოვრებას განაგებს, რამეთუ აკი მანვე შეაიარაღა ხელმწიფენი ამა ქვეყნისა და ძალაუფლებაც მიანიჭა მათ, რათა კადნიერთ შიში ჰქონდეთ. და მღვდელნიც მანვე აკურთხა იმისათვის, რომ ისინი გლოვიარეთ ანუგეშებდნენ...

ვინც ყველაფერში ეთანხმება საღმრთო წერილს, იგი - ქრისტიანია, ხოლო ვინც არ ეთანხმება საღმრთო წერილს, ის შორს დამდგარა ჭეშმარიტებისაგან.

სხვა მასწავლებელს ნუ დაუწყებ ძებნას, რამეთუ შენ გაქვს ბოძებული ღვთის სიტყვა, საღმრთო წერილი, რომელზე უმჯობესად ვერავინ გასწავლის!

საღმრთო წერილის სულ მოკლე გამონათქვამებშიც კი შეგვიძლია უდიდესი ძალა მოვიძიოთ და აზრთა გამოუთქმელი სიმდიდრეც.

წმიდა სახარების ოდენ ხილვითაც კი ჩვენ უფრო თავშეკავებულნი ვხდებით ცოდვისადმი, ხოლო თუკი ამას მისი ყურადღებით წაკითხვაც დაერთვის, მაშინ სული თითქოს უხილავ განსაწმენდელში მოხვდაო, იწმიდება და კეთილშობილდება, ანუ უწინდელზე უკეთესი ხდება, რადგან მას სწორედ ღმერთი ელაპარაკება წმიდა წიგნების მეშევობით.

ღმერთი იმგვარად ელაპარაკებოდა ადამიანებს, რომ ითვალისწინებდა მსმენელთა უძლურებას და ესადაგებოდა მათ, ისევე, როგორც ნებისმიერი მამაც არად აგდებს თავის ღირსებას, როცა ენის მოჩლექით ელაპარაკება ხოლმე თავის საყვარელ შვილს.

მრავალ ათასთა შორის ასიც კი ვერ მოიძებნება, რომ ცხონდეს!... თუმცა ამდენიც მეეჭვება!

მთელი ქვეყანა წარყვნა და დააქცია იმან, რომ ბევრი ასე ფიქრობს, თითქოს მკაცრი ცხოვრება და სიწმიდე მხოლოდ ბერ-მონაზვნებისთვის იყოს აუცილებელი, სხვებს კი ნებადართული ჰქონდეთ უზრუნველი ცხოვრება.

მომავალ ცხოვრებაში ჩვენ სხვა სამყარო გველოდება, სადაც ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

ნესტიან ვიწრო და ბნელ საპყრობილედან ოდნავ განათებულ ოთახში რომ გამოგვიყვანონ, შემდეგ კი, იქიდან - ქვეყნიერების უვრცეს, მზის ნათელზე უფრო მეტად გაბრწყინებულ პალატებში, აი, მაშინ შეიძლება ცოტაოდენ მაინც სწორი შეხედულება მივიღოთ იმ სამი სამკვიდრებელის შესახებ, რომლებიც ადამინისთვის არის განსაზღვრული: დედის მუცლის, ამა ქვეყნისა და ცათა სასუფევლის შესახებ, მომავალში რომ მოგველის. ცხრა თვეს დავყოფთ ჩვენ პირველ სამკვიდრებელში, 50, 60 ან ცოტათი ამაზე მეტს წელს - მეორეში, ამქვეყნად, ხოლო მესამეში - ჭეშმარიტ, საუკუნო დაუსრულებელ ცხოვრებას ვიღებთ, რადგან მაშინ მარადიულობაში შევდგამთ ფეხს...

ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად დასტკბება მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დასტკბებიან ცათა შინა.

აწინდელ, ქვეყნიურ დიდებასა და მომავალ, ზეციურ დიდებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც სიზმარსა და ცხადს შორის.

რა ზომითაც მზის სხივია აღმატებული კანდელისაზე, იმ ზომითვე და გაცილებით უფრო მეტადაც, მომავალი ცხოვრებაა აწინდელზე უმჯობესი.

საკუთარი თავის მკვლელია ის ადამიანი, ვინც თავის არსებას უღირსად შეიქმს საუკუნო ცხოვრებისათვის ცათა სასუფეველში.

უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის.

იტანჯო მანამდე, სანამ ღმერთის არსებობა გაგრძელდება, ანუ სამარადისოდ, განა შეიძლება ამაზე უფრო დიდი უბედურება წარმოვიდგინოთ ცოდვილ ადამიანთათვის?

მომავალ საუკუნო სიკეთეთა დაკარგვა ისეთ მწუხარებასა და გაუსაძლისობას სწევს ყოველ ცოდვილ და შეუნანებელ ადამიანს, რომ, დაე, თუნდაც არანაირი სხვა სასჯელი და სატანჯველიც არ მოელოდეთ, იგი მაინც უკვე თავისთავადვე იქნება გეჰენიის ცეცხლისმიერ სატანჯველზე უფრო მძაფრი, და ისე დაჰგლეჯს და აღაშფოთებს ასეთ ადამინათა სულებს ამის შეგნება, რომ უმეტესს ვერანაირი სხვა სატანჯველი ვერ მოიმოქმედებს!...

წმიდა მოწამეებმა ესრეთ განიზრახეს თუკი ღმერთი ჯვარს - ეცვა კაცთათვის, ჩვენი ხსნისათვის და ცხოვნებისათვის, ჩვენ რატომღა არ უნდა ვეტანჯოთ ღმერთისთვის და რად უნდა გვეშინოდეს სიკვდილის მიღება ჩვენი უფლისათვის?!... ამისთვის ყოველი სატანჯველი მათ სიხარულად უქცია ღმერთმა.

სადაც წმიდა სახარება ძევს რწმენითა და ჯეროვანი მოწიწებით, იქ ვერ შევალს ბოროტი სული და ვერ ეცდება ქრისტიანის ცდუნებას.

მარხვა და სიწმიდე ნურავის მოეჩვენება ძნელ და საშინელ საქმედ, რადგან ეს თქვენთვის კი არა, ბოროტ სულთათვის არის საშინელი. და თუ ვინმე ეშმაკეული იყოს, პირველყოვლისა მარხვის სახე უჩვენე მას, რამეთუ თვით ქრისტე იტყვის: ”ესე ნათესავი არარაით განხდეს, გარნა ლოცვითა და მარხვითა” (მათე 17, 21).

დასაბამად როცა ღმერთმა ადამიანი შექმნა, იმთავითვე მარხვის მცნება დაუდო აღსასრულებლად - კეთილისა და ბოროტის ხისაგან არ ჭამოო... და თუკი სამოთხეში იყო აუცილებელი მარხვა, რაოდენ გზის უფრო სამოთხის გარეთაა იგი საჭირო ჩვენთვის, ცოდვას დაქვემდებარებულ ადამიანთათვის!...

ყველას სურს ზეცად აღსვლა და საღმრთო ნეტარების დამკვიდრება, მაგრამ ამ სურვილის აღსრულება საქმეებით უნდა მოხდეს! რამეთუ ყველა ვაჭარსაც სურს გამდიდრება, მაგრამ ამისთვის ისინი ოდენ თავიანთი სურვილით როდი კმაყოფილდებიან, არამედ შესაბამის საქმეთაც იქმან - ნავთ მოამზადებენ, ზღვათაც გადასცურავენ, ოქროსაც სესხულობენ და უცხო ქვეყნებსაც მოივლიან. ასევე ჩვენც უნდა საქმედ ვაქციოთ ჩვენი სურვილი და მხნედ განვვლოთ ის ზღვა, რომელიც ქვეყნიდან-ქვეყანად კი არ მიგიყვანს, არამედ ამა ქვეყნიდან ზეცად აღგვამაღლებს. ამისთვის კეთილ, მარჯვე მესაჭედ გადავაქციოთ ჩვენი გონება და კეთილ მენიჩბეებად მივცეთ მას ჩვენი უვნებობა და სათნოებანი, რათა ჩვენი სულის ნავი არც ქვეყნიურ საზრუნავთაგან ჩაიძიროს და არც ამპარტავნების ქარიშხლით მიმოდაიტაცებოდეს... და თუკი ასეთი იქნება ჩვენი ნავი, მაშინ კეთილად გადავცურავთ ამა ქვეყნის მღელვარე ზღვას და მშვიდობით მივაღწევთ ყოვლად მშვიდ ნავსაყუდელს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც სუხარულით შეგვიწყნარებს...


წმიდა იოანე კლემაქსი

ბევრს ჰგონია, რომ ხორცის დათრგუნვით მიაღწევს უშფოთველობას, სასწაულმოქმედებასა და მჭვრეტელობას. საბრალოებმა კი არ იციან, რომ ამ სათნოებათა დედა მორჩილება და სიმდაბლეა.

სნეულებებს უფალი ცოდვათა განწმენდისათვის გვიგზავნის, ხოლო ზოგჯერ, რათა შეაჩეროს ჩვენი სწრაფვა დაცემისაკენ.

მრავალი მინახავს რაიმე სნეულებით გაწამებულნი, თითქოს ეპიტიმია დადებულნი, ამ გზით განიწმინდებოდნენ სულიერი ვნებებისაგან.


წმიდა ბასილი დიდი

ის ვინც ღვთის მსახურების დროს ამაოდ მეტყველებს, არა მარტო უსარგებლოდ დადის ტაძარში, არამედ თავისი თავის საზიანოდაც.

თავდაპირველად ჩვენს თავში უნდა ვეძიოთ ნაკლი და ვეცადოთ გამოვსწორდეთ, და მხოლოდ ამის შემდეგ არის დასაშვები სხვათა ნაკლის გამოვლინება.

როდესაც რაიმე ვნება შეგიპყრობს და ცოდვაში ჩაეფლობი, გაიხსენე საშინელი სამსჯავრო და უცებ გაღვიძებული შიში დაგიცავს მოზღვავებული ცოდვისაგან.

ყველა ადგილს მფარველი ანგელოზი ჰყავს; და თუკი იქ შეირყვნება სწავლება და შევა მწვალებლობა - ამ ადგილის მფარველი ანგელოზი მაშინვე ტოვებს იქაურობას.

სხვაზე ძვირის თქმა მხოლოდ ორ შემთხვევაშია დასაშვები. კერძოდ, პირველი - როდესაც გსურთ რჩევადარიგება მიიღოთ ამ საკითხში გამოცდილი ადამიანისაგან (ცოდვილის გამოსწორების მიზნით) და მეორე - როდესაც ცდილობთ დაიცვათ სხვა ადამიანი, აარიდოთ იგი მოსალოდნელ განსაცდელს, რომელიც, შესაძლოა, უღირს ადამიანთან ურთიერთობიდან მომდინარეობდეს. წმიდა მოციქული მოგვიწოდებს, საერთოდ არ ვიქონიოთ ურთიერთობა უღირს ადამინიებთან. მაგრამ ამ ორი შემთხვევის გარდა, ვინც ძვირს ამბობს სხვაზე, მისი მიზანია გალანძღოს იგი და ამგვარი ადამიანი ცილის მწამებელია, თუნდაც რომ მართალს ამბობდეს იგი.

ექიმის დახმარებაზე სრულებით უარი არ უნდა თქვა: არც ისაა მიზანშეწონილი, რომ მთელი ჩვენი სასოება მასზე დავამყაროთ. მსგავსად იმისა, რომ თუმცა მიწას თავად ვამუშავებთ, მოსავალზე უფალს ვსასოებთ, ... ასევე ექიმს რომ მივმართავთ, უფლის სასოება უნდა გვქონდეს.

ვინც იმეცნებს სათნოებათა მაგალითებს და არ მისდევს მათ, ემსგავსება კაცს, რომელიც ხნავს და არ სთესს.

ცათა და ქვეყნის დაბადება თავისთავად როდი აღსრულდა, როგორც ეს ზოგიერთებს წარმოუდგენიათ, - ამის მიზეზეი შემოქმედ ღმერთშია.

თუკი ხილული ესე ქმნილება ეგზომ მშვენიერია, რაოდენგზის უფრო მშვენიერი უნდა იყოს უხილავი სულიერი ქმნლიება.

ზენა ცხოვრებისაკენ მსწრაფველი ადამიანისათვის ამა სხეულში ყოფნა - ხორციელება- ყოველგვარ სასჯელსა და პყრობილებაზე უფრო სამძიმოა.

გონება არის ძალზე მშვენიერი რამ, და მასში ჩვენი სწორედ ის ძევს, რაც შემოქმედი ღმერთის ხატად და მსაგავსებად შეგვქმნის.

მე ვიცი, რომ ღმერთი არსმყოფია, არსებულია მარადის, მაგრამ იმას, თუ რა არის მისი არსი, მე შემეცნებაზე მაღლა ვაყენებ.

თუკი თვალი ხილვადის აღქმისათვისაა განკუთვნილი, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისთვის ყოველივე ხილული მისაწვდომია. ცარგვალი ერთ წამისყოფაში როდი მოიხილება, - მართალია, მზერა მოიცავს ხილვადს, მაგრამ მრავალი რამ ჩვენთვის უხილავი რჩება. თუმცა ამის გამო ვერ ვიტყვით, რომ ცა უხილავია, პირიქით, ხილვადია იმ შეზღუდული შემეცნების მიზეზით, რომელიც ჩვენ, ადამიანებს, გავქვს. იგივე ითქმის ღმერთის შესახებ.

მამა ბრძანებს, ძე ქმნის, სული აღასრულებს... მაგრამ ეს განსხვავება არ მოასწავებს განყოფას, რამეთუ ერთია დასაბამი და მიზეზი ყოველთა არსებათა, შემოქმედი, რომელიც ქმნის ძის მიერ და აღასრულებს სულიწმიდის მიერ.

სულიწმიდა მცნობელობის მომნიჭებელია, იგი გონიერი ნათელია, რომელიც ძიებათა ჟამს გარკვეულ სიცხადეს ანიჭებს ყოველ გონიერ ძალას.

ქმნილ მსაგვესაბათაგნ საღმრთო სამობრიობის ერთობის ყველაზე კარგი ხატი ცისარტყელაა, რადგან მასში ერთი და იგივე ნათელი განუწყვეტელ-განუყოფელია საკუთარ თავში და მრავალფერიც.

რომ არ შესცოდო, ადამიანს შიში უნდა ჰქონდეს ღმერთის სამსჯავროს წინაშე, ხოლო თუ შესცოდა, სასო არ უნდა წარეკვეთოს, ყოველთვის უნდა ჰქონდეს ღმერთის უსაზღვრო მოწყალების იმედი.

ნურასდროს ნუ დავიჩემებთ ღმერთის სამართლიანი სამსჯავროს გამო, რადგან ჩვენ უცნობელნი ვართ იმისათვის, რომ საკუთარი აზრი გამოვთქვათ ღმერთის მიუწვდომელი და გამოუთქმელი მსჯავრის გამო.

უეჭველია, რომ ღმერთი უმჯობესად განაგებს ჩვენს ცხოვრებასა და საქმეებს, ისე, როგორადაც ჩვენ თვითონ ვერასოდეს ვერ განვაგებდით.

ჯერ არს მადლობას მივუძღვნიდეთ შემოქმედ ღმერთს, როცა ის სიკეთით გვანიჭებს და მოთმინება არ დავკარგოთ იმ დროს, როცა ის უხვად არ მოგვმადლის თავისმიერ სიკეთეებს.

ცათა სასუფეველი მსურველთათვისაა და არა - ძალდატანებულთათვის.

ღმერთის რწმენის შესახებ განსჯას წინ უსწრებს გულისთქმა, რომ ღმერთი არსებობს. ამ გულისთქმას ჩვენ მოვიხვეჭთ ქმნილ საგანთა მეშვეობით. გულმოდგინედ განივიხილავთ რა ქმნილ სამყაროს, შევიმეცნებთ, რომ ღმერთი ყოვალდბრძენია, ყოვლად ძლიერია და სახიერია... შევიმეცნებთ ყველა იმ უხილავ თვისებას და ამგვარად, ვაღიარებთ მას უზენაეს განმგებლად. რაკი მთელი სამყაროს შემოქმედი ღმერთია. ჩვენ კი სამყაროს ნაწილნი ვართ, მაშასადამე, ღმერთი ჩვენი შემოქმედიცაა. ასეთ შემეცნებას მოსდევს რწმენა, რწმენას კი - თაყავნისცემა.


წმიდა ეფრემ ასური

როდესაც ადამიანი ავადაა, მაშინ მისი სულიც იწყებს ღვთის ძიებას. ამიტომ შეგონება კარგია თუკი შეგონებული ჰმადლობს უფალს.

”განვაგდებ სატანას და ყოველთა საქმეთა მისთა...” რომელ საქმეთა? - მრუშობას, სიძვას, ბიწიერებას, სიცრუეს, პარვას, შურს, მჩხიბაობას, მარჩიელობას, თვშეუკავებლობას, მრისხანებას, ბილწსიტყვაობას, მტრობას, შუღლს, ეჭვიანობას. განვეშორები ლოთობას, უქმმეტყველებას, ამპარტავნებას, უდებებას. განვეშორები გმობას, სატანურ სიმღერებს, სპირიტიზმს... ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი. განვეშორები ყოველგვარ სიბილწეს რაც სძაგს უფალს.

ვერ ითმენ შეურაცყოფას? დადუმდი და დამშვიდდი.

ცეცხლის საზრდო - შეშაა, გაღიზიანებისა - ქედმაღლობა. აღიჭურვე მოთმინებით. მოთმინება - შესანიშნავი უფლისმიერი ძღვენია; იგი განაგდებს გაღიზიანებას, მრისხანებასა და სიძულვილს, სულს მშვიოდბას ანიჭებს.

ჩემი თავისუფალი ნებით შეგენბული მაქვს საკუთარი ბუნების უმნიშვნელობა და უძლურება, და არც მსურს ძიებაში შევიდე ჩემი შემოქმედი ღმერთის გამო, რამეთუ საშინელ არს იგი, ვინც ყოვლად უსაზღვრო და მიუწვდომელია თავისი საღმრთო ბუნებით.

როგორადაც წყაროსთავლი, განუწყვეტლივ აღმომაცენებელია კამკამა, უხვი წყლის ნაკადულისა, არასდროს არ აუკრძალავს მწყურვალს ყოვლეგვარი საფასურის გარეშე დაეწაფოს მის წყალს, ამგვარადვე საღმრთო მადლი მისაწვდომია ყველა მსურველისათვის, რათა თითოეული თავის ნებისაებრ დასტკბებოდეს მისით.

ზეთის გარეშე შეუძლებელია კანდელის დანთება, რწმენის გარეშე კი ვერავინ აღაგზნებს კეთილ აზრებს.

მხოლოდ ღმერთი არსებობს საკუთარი თავისთვის, ჩვენ, ყველანი, შემოქმედი ღმერთისთვის ვარსებობთ.

მოიხსენე ძლიერთ დაცემა და თავი დაიმდაბლე შენს სათნოებებში.