JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic
 









ნეტარია კაცი, რომელსაც ღვთის სიყვარული გააჩნია, რამეთუ მასში ღმერთი მკვიდრობს, რამეთუ ღმერთი სიყვარულია და ყველას, ვისაც ღვთის სიყვარული აქვს, ღმერთი მასთანაა მარადის. და ვისთანაც ღმერთია, მას ძალუძს ყოველგვარი მტრის დაძლევა. ვისთანაც სრული სიყვარულია, იგი არავის შეურაცხყოფს, არც მცირესა და არც დიდს, არც მდიდარსა და არც ღარიბს, არამედ მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია, იგი ყველაფერს იტვირთავს, ყველაფერს მოითმენს.
იშვა ქრისტე,
იშვა იგი, რომელმან ნათელ-სცა ქვეყანას სულითა წმიდითა,
იშვა იგი დედისაგან, რომელ კურთხეულ არს დედათა შორის.
იშვა იგი, რომელიც, როგორც იოანე მახარობელი ამბობს, - "დაემკვიდრა ჩვენ შორის და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება ვითარცა მხოლოდშობილისა მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა... რამეთუ რჯული მოსესაგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესოს მიერ იქმნა... რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თვისი სოფლად, რათა არა დასაჯოს სოფელი, არამედ რათა აცხოვნოს სოფელი მის მიერ".
სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოს ანდრიას კურთხევით, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიამ, 10-12 იანვარს უკვე მეოთხედ უმასპინძლა საშობაო ფესტივალ "გენეთლიას" სტუმრებს.
წელს ფესტივალის მონაწილენი იყვნენ როგორც საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული გიმნაზიები: ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმ. ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის სკოლა, ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზია, თბილისის წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია, ნიქოზის წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლა, ოზურგეთის წმ. ნინოს სახელობის სასულიერო გიმნაზია, სალხინოს წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია, ხაშურის წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის ლიცეუმი; ასევე საჯარო სკოლები: სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლა, გორის №6 საჯარო სკოლა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი (კიკეთი).
სტუმრები გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთა ოჯახებში დაბინავდნენ.
ფესტივალ "გენეთლიას" პირველი დღე ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარში სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოს ანდრიას, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას და ცურტავის ეპისკოპოს იოანეს დალოცვით დაიწყო. მეორე დღეს ქრისტეშობის ზეიმს ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრე შეუერთდა.
ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებული მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე "ჩემი ეპარქიის გამოჩენილი სასულიერო პირი" 11 იანვარს, დღის პირველ ნახევარში გაიმართა. მომხსენებლებმა 10 წუთიან გამოსვლებში წარმოადგინეს სხვადასხვა პერიოდში მოღვაწე სასულიერო პირების შესახებ მოპოვებული ცნობილი და ნაკლებად ცნობილი მასალა. ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმ. ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის სკოლის მოსწავლეები ქეთევან და მარიამ ცერცვაძეები მსმენელთა წინაშე წარდგნენ მოხსენებით "მეუფე გრიგოლ ცერცვაძე"; ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზიის მოსწავლე თეონა ჭანია მღვდელ ნიკოლოზ ქუხილავას მოღვაწეობის მნიშვნელოვან დეტალებს შეეხო; თბილისის წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა ანა გულმაგარაშვილმა და ნინო რაზიკაშვილმა წაიკითხეს მოხსენება "წმ. მღვდელმთავარი ამბროსი ხელაია"; სოფელ დისევში დაბადებული, ეპისკოპოს ალექსანდრეს ოქროპირიძის ღვაწლის შესახებ ისაუბრა ნიქოზის წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლის აღსაზრდელმა ეთერ გლურჯიძემ; ოზურგეთის წმ. ნინოს სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლემ გიორგი ხინთიბიძემ მსმენელს შემოქმედელი მიტროპოლოტის იოსების (კიკვაძე) შეხედულებები გააცნო მოზარდებისთვის საინტერესო საკითხებზე; ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა მარიამ ჯახველაძემ და მარიამ ხუროშვილმა ერთობლივად მომზადებული თემა წაიკითხისეს - "მღვდელმოწამე ნეოფიტე, ურბნელი ეპისკოპოსი"; ხაშურის წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის ლიცეუმის მოსწავლემ ციალა ნოზაძემ მოხსენებით "კვალი ნათელი" დეკანოზ იოსებ ბებიაშვილის მოღვაწეობის შესახებ მის მიერ მოძიებული მასალები გააშუქა; ღირსი შიო გარეჯელის შესახებ ისაუბრა სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ იოსელიანმა. კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოსწავლეები: სტეფანე გურგენიძე და ირაკლი კიკაძე მოხსენებით "ასურელი მამა წმ. ისიდორე სამთავნელი", ნინო ლომსაძე მოხსენებით "წმ მღვდელმოწამე კირიონ II" და სოფიო გვერდწითელი მოხსენებით "პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე)". სალხინოს წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებმა კი მაყურებელთა წინაშე გააცოცხლეს წმ. მღვდელმთავარ ამბროსი ხელაიას ცხოვრების ეპიზოდები.
ფესტივალი შობის თემაზე შექმნილი წარმოდგენების ჩვენებით გაგრძელდა. გიმნაზიის სცენაზე ერთმანეთს ცვლიდა შობა-ახალი წლის ზეიმი სამეგრელოში, კალანდა – გურიაში, შობა – თუშეთში, ქართლში... განსაკუთრებული სიხარული მიანიჭა მაყურებლებს პატარა ნიქოზელების გამოსვლამ.
ფოტო-კონკურსზე "ჩემი ეპარქიის ეკლესია-მონასტრები" მოსწავლეთა მიერ შექმნილი 80-მდე ფოტო-ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. საუკეთესოთა შორის დასახელდა ნიქოზის წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლის აღსაზრდელის მარიამ კაპანაძის, სალხინოს წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლის ნაზი გვილავასა და და ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოსწავლის ირაკლი კიკაძის ნამუშევრები. ფესტივალის მონაწილეებმა მოილოცეს გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი.
12 იანვარს ფესტივალ "გენეთლიის" ყველა მონაწილე და სტუმრი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ თავდაცვის ეროვნულ აკადემიას ეწვია. მასპინძლებმა დაათვალიერებინეს სასწავლო კორპუსები, კაბინეტები, ყაზარმები, სავარჯიშო მოედნები, გააცნეს სწავლების მიზანი და სასწავლო პროგრამები; მოზარდებს შეხვდა და ესაუბრა თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში მოქმედი ტაძრის მოძღვარი მღვდელი თადეოზი (ქებაძე).
ერთობლივი ტრაპეზის შემდეგ მაყურებელთა წინაშე ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის "ლიტერატურულ-თეატრალური სხვენის" აღსაზრდელები წარდგნენ წარმოდგენით "ალისფერი ყვავილი".
ფესტივალის დასასრულს სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. მწერალმა ვანო ჩხიკვაძემ კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი მოთხრობების კრებული გადასცა; დაჯილდოვდნენ ფოტო-კონკურსის გამარჯვებულნი. ფესტივალის თითოეულმა მონაწილემ გიმნაზიისაგან და გორის მუნიციპალიტეტისაგან პერსონალური საჩუქარი მიიღო.
სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსმა ანდრიამ კიდევ ერთხელ დალოცა ფესტივალ "გენეთლიას" მონაწილენი, სტუმრები და მშვიდობიანი, იმედიანი ახალი წელი უსურვა.
ფესტივალის მიზანი ქრისტეშობის დღესასწაულის სიხარულის აღსაქმელად და მოზარდთათვის რწმენის გაძლიერებისათვის გარემოს შექმნაა. ღმერთმა ყოველთვის შეგვაძლებინოს ამ მიზნის მიღწევა.











ფოტომასალა