JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic
 







* * *


პირველი ბომბი 8 აგვისტოს ჩამოვარდა.
ქალაქის გარეუბნიდან მოსულმა ტალღამ მხოლოდ შეაშფოთა მცხოვრებნი. ეს ჯერ კიდევ არ იყო შიში. ჯერ კიდევ სჯეროდათ - მშვიდობიან მოსახლეობას არ ესვრიან.
და მაინც...სამხედროფორმებიანი ბიჭებით სავსე ქალაქი ნელა იცლებოდა მოსახლეობისაგან.
მიჰყავდათ ბავშვები, ქალები...ეძებდნენ ტრანსპორტს და უხაროდათ თუ იპოვიდნენ წასვლის საშუალებას.
9 აგვისტოს შვიდ საათზე დაიწყო წირვა მეუფე ანდრიამ. სხვა დროს სავსე ტაძარში ოცამდე ადამიანი თუ იქნებოდა.
აფეთქების ხმა სადღაც ძალიან ახლოს გაისმა.
გამაყრუებელმა გუგუნმა მსახურება ვერ შეაჩერა და მრევლი ეზიარა.
ეს აღარ ჰგავდა ჰაერში გასაფრთხილებლად გასროლილ ტყვიას.
მიუხედავად ამისა ბრძოლის წინა ხაზად ქცეულ ქალაქში კიდევ ერთი ჯვრის წერა ჩატარდა.
ყუმბარები ერთმანეთის მიყოლებით ცვიოდნენ და...შეიძრა ქალაქი.
ერთმანეთში აირია ცეცხლში გახვეული მრავასართულიანი სახლები, თავგზააბნეული, უმისამართოდ მორბენალი ადამიანები, დაჭრილები, სასწრაფოს და სამხედრო მანქანები.
...დაიჭრა ქალაქი...
...მძიმედ დაიჭრა.
და რადგან საშველი არსაიდან ჩანდა, სისხლისგან დაცლა დაიწყო.
ახლა უკვე სწრაფად ცარიელდებოდნენ ქუჩები და სახლები.
თითქოს მოკვდა სიცოცხლე და დარჩა შიში...
მძიმე, მტანჯველი შიში.
მხოლოდ დედა ეკლესია არ დანებდა ამ განწყობას.
მისი ზარების ხმა, როგორც გულის ცემა, აქ დარჩენილთაც და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტულ მრევლსაც იმედს აძლევდა - ქალაქი იცოცხლებს.
ეს იყო ძალიან დიდი ტკივილი, ძალიან დიდი ბრძოლა, ჯარისა იარაღით ხელში და უდიდესი თავგანწირვა ეკლესიისა ლოცვით და მარხვით, წინა ხაზზე დგომით და სასოწარკვეთილი მოსახლეობის გამხნევებით, თითოეული დაჭრილის სიცოცხლისათვის ბრძოლით მედპერსონალთან ერთად.
...მერე გორი რუსულმა ტანკებმა აავსეს...
შემოვიდნენ და ძარცვას შეუდგნენ მოროდიორები, არ დაინდეს არც ერი, არც ბერი...
გაქელეს ღირსება, შეურაცხყვეს ქალები, დაამცირეს მამაკაცები, საკუთარ ქვეყანაში კიდევ ერთხელ იქცა დევნილად ათასობით ადამიანი.
...გორში რუსული ტანკები იდგნენ...
...ცენტრალურ მოედანს ჯერ კიდევ ნათლად ეტყობოდა დახმარების მისაღებად მოსული და რუსული ავიაციის მიერ დახოცილი ადამიანების სისხლის კვალი - მათ შორის ჰოლანდიელი ჟურნალისტისაც.
..ბორჯომში და ატენში ასობით ჰექტარი ტყე იწვოდა...
და გაშრა ცრემლი, დარჩა მხოლოდ მოლოდინი.
მერე მოვიდა ნუგეშიც, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩამობრძანდა სამთავისისა და გორის, ასევე ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიებში. თანმხლებ მამებთან და მრევლთან ერთად ჩამოიტანა პური და სხვადასხვა პროდუქტები. მოინახულა ნაომარი, დაცლილი სოფლები, ნახა გადამწვარი სახლები, განადგურებული სამხედრო ტექნიკა და დაღუპული ჯარისკაცები.
...იმ დღეს უწმინდესმა 6 ქართველი გადმოასვენა..., მას მერეც ყოველდღე ჩამოდიოდა საპატრიარქოდან გამოგზავნილი საკვები პროდუქტები სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისათვის.
დღეს ისევ სავსეა გორი მოსახლეობით.
დევნილებით გაივსო კარვების ქალაქიც.
კონფლიქტის ზონაში შესულებს კი არწმუნებენ, რომ სხვა ქვეყანაში მოხვდნენ.
ხალხმა დღესაც არ იცის, როდის ან როგორ ნახავს საკუთარ კარ-მიდამოს.
დახმარება დიდი მოდის საზღვარგარეთიდან. მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციები, მათ შორის წითელი ჯვარი. მოსახლეობისათვის გაიცემა სხვადასხვა მატერიალური დახმარება, თუმცა ყველაზე მეტად ალბათ ყველას რწმენა გვჭირდება, რწმენა იმისა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და გაბრწყინდება.
“ამას გეტყოდეთ თქვენ, რაითა ჩემ თანა მშვიდობაი გაქუნდეს, სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა”. (იოან. 16; 33.)



ტექსტი მოამზადა მარინე გოგიაშვილმა