|

2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს მნიშვნელოვნად დაზარალდა სამთავისისა და გორის ეპარქიის სოფლების მოსახლეობა. იყო მსხვერპლი, 30000-მდე ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლ-კარი. გორის მუნიციპალიტეტის 37 სოფელში გაიძრცვა, დაინგრა და დაიწვა ასობით საცხოვრებელი სახლი. დევნილი მოსახლეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს აფარებდა თავს. ოქტომბრის ბოლოს სოფლების მცხოვრებთა უმრავლესობა დაუბრუნდა საკუთარ კარ-მიდამოს და შეუდგა მის მოწესრიგებას. გორში, საბავშვო ბაღებსა და სხვა კოლექტიურ ცენტრებში კვლავ რჩებიან ადამიანები, რომელთაც გაუნადგურდა საცხოვრებელი და რომელთა სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა.
განსაცდელში მყოფ ადამიანებს მრავალი დამხმარე და მზრუნველი გამოუჩნდა. ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში, ჰოლანდიაში მოქმედი საზოგადოება „ბაგრატიონის“ მიერ განხორციელდა საქველმოქმედო აქცია ომგამოვლილი ქართველების დასახმარებლად. მრავალმა ჰოლანდიელმა და ჰოლანდიაში მცხოვრებმა ქართველმა გულთან ახლოს მიიტანა ომის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილი მოსახლეობის მდგომარეობა – მათ მიერ შეგროვილი და შეძენილი ტანსაცმელი, საბნები, ბავშვის სათამაშოები და სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთი ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოეგზავნა სამთავისისა და გორის ეპარქიას.
სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოს ანდრიას კურთხევით და ეპარქიის მოძღვრების ხელშეწყობით ნოემბრიდან დაიწყო ჰუმანიტარული დახმარების ნივთების განაწილება როგორც სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისათვის, ასევე გორში, საბავშვო ბაღებსა და სხვა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები დევნილებისათვის.
დახმარება უკვე გაეწია მოსახლეობას შემდეგ სოფლებში: კარალეთი, ტყვიავი, მარანა, კარბი, არბო, დიცი, ვარიანი, ყელქცეული, ქვემო ხვითი; ასევე გორის 15 საბავშვო ბაღსა და მე-13 სკოლის შენობაში მცხოვრებ დევნილებს.
ჰუმანიტარული დახმარების ნივთების განაწილება გრძელდება.
|
|


|