|

25 მაისს სამთავისისა და გორის ეპარქია ემზადებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიაქრის ილია II-ის მისაღებად. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ეს პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო. ამ დღეს ასევე დაგეგმილი იყო კულტურისა და სულიერი განათლების ორი ცენტრის გახსნა. პირველი ქალაქ გორში, მეორე სოფელ კარალეთში. მისი უწმინდესობის ვიზიტი დაიწყო დღის 12 საათიდან. ქ. გორის შემოსასვლელთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდნენ სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსი ანდრია, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრე, ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ბ-ნი კობა სუბელიანი, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე შიდა ქართლის რეგიონში ბ-ნი გიორგი ავალიანი, ეპარქიის სამღვდელოება და ბერ-მონაზვნობა, რეგიონის ოფიციალური პირები და მრევლი. მის უწმინდესობას თან ახლდა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, არქიმანდრიტი სერაფიმე, სასულიერო და საერო პირები.
პირველად მისი უწმინდესობა ეწვია სოფ. კარალეთს. ყოვლადწმიდა სამების კარალეთის ტაძარში პატრიარქს ელოდებოდნენ ეპარქიის სასულიერო დასი და მრავალი მორწმუნე ადამიანი. კათოლიკოს პატრიარქმა დალოცა იქ შეკრებილი სამღვდელოება და მრევლი, მან ბრძანა, რომ განსაცდელში ადამიანს განსაკუთრებულად ჭირდება ღვთის შეწევნა და მან ვაჟკაცურად უნდა გადაიტანოს ყველა განსაცდელი. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც უმძიმეს გარემოში XX სს-ის მანძილზე უერთგულა ღვთაებრივ ჭეშმარიტებას. დღევანდელი გლობალიზაციის რთულ ეპოქაში არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ჭეშმარიტი მოწოდება და მივყვეთ იმ გზას, რომელიც მიგვიყვანს ღმერთამდე და გადაარჩენს საქართველოს. ამის შემდეგ მისმა უწმინდესობამ დეკანოზის ხარისხში აიყვანა ყოვლადწმიდა სამების ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ღვთისო სეხნიაშვილი, გახსნა კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრი, სადაც შეხვდა სამღვდელოებას და სოფლის წარმომადგენლებს. სოფელ კარალეთიდან გამომგზავრების შემდეგ მისი უწმინდესობა მიბრძანდა ქალაქ გორის ვერხვების უბანში, სამაჩაბლოდან დევნილთა დასახლებაში განთავსებულ წმ. ნინოს ტაძარში, სადაც შეხვდა დევნილ მოსახლეობას. შემდეგი სტუმრობის ადგილი იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გორის საკათედრო ტაძარი. მის უწმინდესობას ხვდებოდა საკათედრო ტაძრის მრევლი და გორის მოსახლეობა, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გიმნაზიის მოწაფეები. საკათედრო ტაძარში გადახდილ იქნა მცირე სადიდებელი და პატრიარქმა სიტყვით მიმართა იქ შეკრებილ ადამიანებს. მან ბრძანა: “თქვენ ყველამ გადაიტანეთ მძიმე დღეები, მაგრამ ღვთის მოწყალებამ არ დაგიტევათ, ჩვენ ყველანი სიყვარულში ვცურავთ და ამისათვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთს. თქვენ ყველანი ძალზე კარგები ხართ და თქვენს მღვდელმთავართან ერთად ღირსეულად გადაიტანეთ ომის საშინელება. თქვენ იმსახურებთ რომ გყავდეთ მიტროპოლიტი, დღეს სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსი ანდრია აყვანილი არის სამღვდელმთავრო უმაღლეს წოდებაში მიტროპოლიტის ხარისხში – აქსიოს. რაც უფრო მაღალია ადამინის ხარისხი, მით უფრო მეტი უნდა იყოს მისი სიმდაბლე, ღმერთმა დაგლოცოთ. საქართველო აუცილებლად გავა სამშვიდობოს, ღვთის მადლი და წყალობა იყოს თქვენთანა”.
საკათდერო ტაძრის წინ მის უწმინდესობას ელოდებოდა მოსახლეობა, გორის ფოლკლორული ანსამბლების წევრებმა წარმოადგინეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრში მის უწმინდესობას შეხვდა გორის საზოგადოება. აქ იმყოფებოდნენ პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლის რეგიონში ბ-ნი ლადო ვარძელაშვილი, გუბერნატორის მოადგილეები ბ-ნი გიორგი ავალიანი, ბ-ნი ზურა ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ბ-ნი ზვიად ხმალაძე, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბ-ნი გია გვაზავა, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბ-ნი ბუბა კუდავა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი, გორის უნივერსიტეტის რექტორი ზაზა ცოტნიაშვილი, გორის პატივცემული და ღვაწლმოსილი მოქალაქეები: ჯემალ ინჯია, ვანო ჩხიკვაძე, ნუკრი ჯოხაძე, ალექსანდრა დიდებელი, ელდარ მამისთვალიშვილი, თამაზ მამისთვალოვი, გუჯა ბერუაშვილი, ვაჟა აბრამიშვილი, თამარ ედიშერაშვილი, გია სოსანიძე, ვანო არჩუაძე, ზაქარია ჭარუაშვილი და სხვანი. მის უწმინდესობას მიესალმნენ: გორის ვაჟთა ანსამბლი “გორი”, სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული ბავშვთა კაპელა, ფოლკლორის სარდაფის გოგონათა გუნდი.
შეხვედრა წარიმართა გულთბილ და წრფელ ატმოსფეროში. შეხვედრას უძღვებოდა იოსებ სტალინის მუზეუმის დირექტორი ბ-ნი რობერტ მაღლაკელიძე. მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ დალოცა და სიკეთე უსურვა სამთავისისა და გორის ეპარქიის მკვიდრთ და დამსწრე საზოგადოებას. დასასრულს გორელებმა მის უწმინდესობას მიართვეს გორელი ოსტატების ნამუშევრები. კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრის გახსნის შემდგომ მისი უწმინდესობა და სტუმრები გაემგზავრნენ საზეიმო სადილზე, რომელსაც მასპინძლობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ატენის დედათა მონასატერი, მის უწმინდესობას შეეგება მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ნინო დებთან ერთად და სოფელ ატენის მოსახლეობა. კათოლიკოს პატრიარქმა დაათვალიერა დედათა მონასტერი, მონასტრის წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მისმა უწმინდესობამ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: იღუმენი კოზმა გუჯაბიძე და დეკანოზი გიორგი სიდამონიძე გამშვენებული ჯვრით, მღვდელმონაზონი საბა სულუხია აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჩამობრძანება დიდი სიხარულის მომტანი იყო სამთავისისა და გორის ეპარქიის ყველა მკვიდრისათვის, მისი უწმინდესობა გამოგვემშვიდობა სიტყვებით: “ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, ჩვენთან არს ღმერთი”.
|
|
ფოტომასალა
|