|

საპატრიარქოს უწყებანი
№30 4-10 სექტემბერი 2008 წ.
ესაუბრა მარიამ გაგუა
- მეუფე ანდრია, გვიამბეთ იმ დღეებზე, როდესაც გორში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა?
- გორში განსაცდელი იმ დღიდან დაიწყო, როდესაც საქართველოს შეიარაღებული ძალები კონსტიტუციური წესრიგის დასამყარებლად ცხინვალის რეგიონში შევიდნენ. ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდებოდა; მოგეხსენებათ, გორზე გადის გზა და ვხედავდით ცხინვალის მიმართულებით მიმავალ სამხედროებს, მძიმე ტექნიკის გადაადგილებას. რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე გორი პირველად დაიბომბებოდა, იმავე განცდებში იყო გორის რაიონის მოსახლეობაც.
საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, ეს მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. მოგეხსენებათ, გორში გამოყენებული იყო მძიმე არტილერია, ავიაცია, მოხდა ქალაქის მრავალგზის დაბომბვა. მოსახლეობა იძულებული იყო, დაეტოვებინა თავისი სახლ-კარი, სოფლები, რადგან მათ სიცოცხლეს რეალური საფრთხე დაემუქრა, ყოველწუთს ისინი შეიძლებოდა გამხდარიყვნენ საარტილერიო თუ საავიაციო თავდასხმების მსხვერპლნი.
- მეუფე, ამ პერიოდში გქონდათ თუ არა მიმოსვლის საშუალება?
- იმ დღეებში ჩვენ რამდენჯერმე ვიყავით ნიქოზში მეუფე იასაიასთან: პირველად მაშინ ვეწვიეთ, როდესაც ჯერ კიდევ იქ იმყოფებოდნენ ქართული ჯარები, მეორედ კი მაშინ, როდესაც უკვე რუსეთის შეიარაღებული ძალები შემოვიდნენ. გვინდოდა, ჩვენი თანადგომა ეგრძნოთ ამ განსაცდელის ჟამს.
- როგორც ცნობილია, იყო მსხვერპლი გორის მშვიდობიან მოსახლეობას შორის... გვიამბეთ, როგორ მოხდა მოსახლეობის გახიზვნა?
- მშვიდობიან მოსახლეობას შორის არიან დაჭრილები და გარდაცვლილები. ერთ-ერთი ასეთი დაზარალებული არის უდედმამოდ დარჩენილი პატარ ბავშვი, ჩვენი მრევლი, გორის გიმნაზიის მოსწავლე. ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთი უბედურება ხდება. ეს ყველფერი დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული. ნათქვამია: “ომს სახე არ გააჩნია”. ჭეშმარიტად ასეა: ომი ადამიანებისთვის არის შესაძლებლობა, გამოავლინონ შინაგანი თვისებები. ასეთ ვთარებაში ვლინდება ყველაზე მდაბალი და მანკიერი მხარეები, რომელიც შიძლება გააჩნდეს კაცობრიობას თუ ადამიანს. ამავე დროს, თუკი ადამიანს რამე ღირსებები გააჩნია, ისიც განსაკუთრებულად გამობრწყინდება.
აუცილებლად მინდა აღვნიშნო გორის მოსახლეობის ღირსებები. ქალაქის დაბომბვისას, როცა მრავალი მაღაზია, ბანკი, სხვადასხვა დაწესებულებები დაზიანდა, ქალაქის მოსახლეობის მხრიდან არ იყო დატაცების, მითვისების, მოპარვის არც ერთი ფაქტი. საოცარი ღირსებები გამოიჩინეს ჩვენმა ექიმებმა, გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედპერსონალმა, რომლებიც თვდაუზიგავად შრომობდნენ დღე და ღამე. გმირული სული გამოავლინეს ასევე ჩვენმა ჯარისკაცებმა. ბევრი მათგანი მოჰყავდათ დაჭრილი და როგორც კი ჭრილობა მათ ფეხზე წამოდგომის საშუალებას აძლევდა, უმალვე წინა ხაზზე ბრუნდებოდნენ.
ამ მძიმე დღეების განმავლობაში ჩვენ ვურჩიეთ მრევლს, გარიდებოდნენ ქალაქს, განსაკუთრებით, ვჩქარობდით გაგვეყვანა ქალები და ბავშვები.
იმ დღეებში მუდმივი ღვთისმსახურებები აღესრულებოდა ტაძარში, წირვა-ლოცვა, პარაკლისები, ვაზიარებდით მრევლს. სასულიერო პირები იყვნენ თავიანთი მსახურების ადგილზე სოფლებში, მათ შორის იქაც, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები იყო. ასე შევხვდით ჩვენ რუსების შეიარაღებული ძალების შემოსვლას.
- რამდენად ხშირი იყო მარადიორობის ფაქტები და ვინ დააყაჩაღა მოსახლეობა?
- რუსეთის სამხედრო ძალების შემოსვლას გორში წინ უძღვოდა ბანდიტური დაჯგუფებების თარეში, რომლებიც გორში და რაიონის სოფლებში ერთი დღით ადრე შემოვიდნენ. მხოლოდ მეორე დღის საღამოს შემოვიდა რუსეთის საჯარისო შენაერთები.
მინდა ერთი რამ აღვნიშნო, - რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება არ შეიმჩნეოდა. მათ მიერ არ ხდებოდა მოსახლეობის აწიოკება. ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ გამოჩნდნენ სხვადასხვა ბანდიტური შენაერთები, რომელთა ეთნიკურ შემადგენლობაზე ძნელია მსჯელობა. ისინი დათარეშობდნენ სოფლებსა და ქალაქში. ისინი ჩვენთანაც იყვნენ შემოსულები გორის საეპარქიო რეზიდენციაში.
- მეუფე ანდრია, საქართველოს ეკლესიის მხრიდან რა გაკეთდა დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად?
- უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო დიდი ძალისხმევა ხელისუფლების მხრიდან გორში წესრიგის დამყარებისთვის. როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცათ, სწრაფად აღდგა სახელისუფლო სტრუქტურების მუშაობა, რომელმაც ხელი შეუწყო ქალაქის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამის პარალელურად დაიწყო მოსახლეობის საჭირბოროტო საკითხების მოგვარება. ეს იყო სურსათ-სანოვაგით მომარაგება, დაჭრილების მოძიება და მათი პატრონობა, კონფლიქტის ზონაში ჩარჩენილი ადამიანების უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა და მიცვალებულთა მოძიება და დაკრძალვა. ყოველივე ამაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეკლესია, ჩვენი ეპარქია და სასულიერო პირები საქართველოს სხვადასხვა ტაძრებიდან და მონასტრებიდან. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ დღეებში ჩვენს გვერდით იდგა; განსაკუთრებით სვეტიცხოვლის მამათა მონასტრის ბერებს, მათ წინამძღვარს არქიმანდრიტ ისააკს, წმინდა სამების საპატრიარქო ლავრის მამებს, არქიმანდრიტ ილიას, არქიმადრიტ სერაფიმეს, სხვა მამებს, რომლებიც ჩამოვიდნენ ჩვენთან და ჩვენთან ერთად იღვწოდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში. ხდებოდა ქალაქის შემოვლა, ნაკურთხი წყლის სხურება, ვცდილობდით მოსახლეობის განმტკიცებას, დამშვიდებას, ნუგეშისცემას. ყველასათვის თვალსაჩინო იყო, რომ საქართველოს ეკლესია და, უპირველეს ყოვლისა, მისი წინამძღოლი და მამამთავარი, ჩვენი პატრიარქი დგას ქვეყნისა და ერის სამსახურში და სრულებით იზიარებს განსაცდელს, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას.
ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული, ეს არის ის ყოველდღიური ცხოვრება, რასაც ეკლესია განახორციელებს. ეს არის ის ყოვლედღიური მსახურება, რომელიც არის მიღებული მართლმადიდებელ ეკლესიაში: მშიერთა დაპურება, მწყურვალთა დაწყურება, მწუხარეთა ნუგეშინისცემა, ობოლთა, ავადმყოფთა და პატიმართა მოკითხვა და მიცვალებულთა დაკრძალვა. ეს არის ეკლესიის ცხოვრება და მის ყოველდღიურობას წარმოადგენს. უბრალოდ განსხვავება ის იყო, რომ ეს საგანგებო მდგომარეობაში აღესრულებოდა. თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ თუკი ყოველივე ამას ადამიანი არ აკეთებს ყოველდღიურ ყოფაში, როდესაც აქვს ამისთვის ყოველგვარი პირობები, - განსაცდელის ჟამს ამას ვეღარ გააკეთებს, ამისთვის სულიერი ძალები არ ექნება. ანუ თუ ეს არის შენი ყოველდღიური ცხოვრების წესი, მაშინ ამის ერთგული დარჩები განსაცდელის ჟამსაც და რაც არ გაგიკეთებია მშვიდობიანობის დროს, მით უფრო ვერ გააკეთებ ამას მაშინ, როდესაც ამის შესაძლებლობა შეზღუდულია და შენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებული გააკეთა ეკლესიამ; ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც ეკლესია მუდამ აღასრულებს და რაც უნდა გაგვეკეთებინა ღვთისა და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის წინაშე.
ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა ეკლესიაში დახმარების მიღების იმედით, უბრალო თანადგომის, ნუგეშის მისაღებად. გორის საეპისკოპოსო რეზიდენციასთან ფუნქციონირებს სასადილო და მასთან არსებული პურის საცხობი. ამ დღეების განმავლობაში ჩვენს უპოვართა სასადილოს და პურის საცხობს მუდმივად აკითხავდნენ ადამიანები. მხოლოდ ერთი დღით შეწყვიტა მან მუშაობა, როდესაც ქალაქში უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, დაბნეულობა და გაურკვევლობა შეიქმნა. მეორე დღესვე კვლავ განახლდა სასადილოსა და საცხობის მუშაობა; კეთდებოდა სადილი, ცხვებოდა პური და უსასყიდლოდ ურიგდებოდა მოსახლეობას.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ დახმარებას, რომელიც გადმოგვიგზავნეს საპატრიარქომ, მრევლმა, ბიზნესმენებმა, სხვადასხვა კერძო პირებმა. ამ შემოწირულობებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმ დღეებში მოსახლეობისათვის. იმ დღეებში გორში მარტოოდენ ეკლესია იყო ის პუნქტი, სადაც შეიძლებოდა პურისა და საკვების შოვნა.
ბევრი ადამიანი გავიდა გორის რაიონის სოფლებში, ატენის ხეობაში, დედათა მონასტერში. იქ მრავალმა ადამიანმა შეაფარა თავი; ქალები და ბავშვები მონასტერში დაბინავდნენ, მამაკაცები ატენის სიონის ტერიტორიაზე რჩებოდნენ. მონაზვნები, შეძლებისდაგვარად, აპურებდნენ დევნილებს. და აი, სწორედ ზემოაღნიშნული შემოწირული საკვები იგზავნებოდა გორის რაიონის სხვადასხვა სოფლებში, ატენის ხეობაში და რაიონის იმ სოფლებში, სადაც მოსახლეობა იყო დარჩენილი. გორისა და კასპის რაიონის მოსახლეობამ ასევე მიაკითხა ქვათახევის მამათა მონასტერს, სადაც ერთი კვირის განმავლობაში იყვნენ შეფარებულები.
- მეუფე ანდრია, გორში ყოფნისას, ჩვენ ე.წ. კარვების ქალაქს ვეწვიეთ, რომელიც გორის ცენტრში პარკის ტერიტორიაზეა განთავსებული და საკუთარი თვალით ვიხილეთ, თუ რა უკიდურესად მძიმე პირობებში უხდებოდათ იქ ცხოვრება დევნილ მოსახლეობას. გაქვთ თუ არა ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ და რა კეთდება მათ დასახმარებლად?
- ცხადია, ჩვენ ვიცით მათი მძიმე მდგომარეობა და ვცდილობთ, შევუმსუბუქოთ ყოფა. კარვების ქალაქი დიდი მზრუნველობის ქვეშ იქნება ხელისუფლების მხრიდან. უნდა ითქვას, რომ ეს მდგომარეობა დაკავშირებულია იმასთან, რომ კარვების ქალაქი ჯერ არ არის საბოლოოდ ორგანიზებული. ჯერ უნდა მომხდარიყო მისი ბოლომდე გაწყობა, კარვებში შეტანილიყო საწოლები, გამართულიყო სასადილო და შემდეგ მომხდარიყო ლტოლვილების შესახლება, მაგრამ სამწუხაროდ, მათი სავალალო მდგომარეობიდან გამოდინარე, როგორც კი კარვები გაიშალა, ისინი მაშინვე შესახლდნენ. კარვების ნაწილში უკვე არის შეტანილი ლეიბები და გასაშლელი საწოლები, დარჩენილ ნაწილსაც მიაწოდებენ და მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში მოწესრიგდება. ჩვენი მხრიდან, რაც ჩვენს ძალებში იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს შევუქმნათ თუნდაც ელემენტარული საარსებო პირობები და, უპირველესად, იქ მყოფ ბავშვებს.
- ამჟამად რა მდგომარობაა გორის რაიონის სოფლებში?
- დღევანდელი მდგომარეობა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით სოფლებში. ჩვენი პოლიცია ვერ შედის იქ, მას არ ეძლევა ამის შესაძლებლობა. ამიტომ იქ ძალიან თავისუფლად შეიძლება, იმოქმედონ სხვადასხვა ბანდიტურმა შენაერთებმა. რუსეთის საჯარისო ფორმირებები კი ცდილობენ მოსახლეობის დაცვას, მაგრამ ყოველთვის არ ხერხდება მალულად შემოსული მძარცველებისთვის თვალის მიდევნება, რომელბიც ცდილობენ, ზიანი მოგვაყენონ, გადაწვან და გაანადგურონ ის, რის წაღებასაც ვერ ახერხებენ. ჩვენ საკუთარი თვალით ვხედავდით, როგორ იძარცვებოდა და იწვებოდა ქართული სოფლები. სამწუხაროა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ცხინვალის რეგიონში ქართული სოფლების თითქმის 100% არის განადგურებული, გაძარცვული და დაცარიელებული. იგივე მდგომარეობაშია გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, განსაკუთრებით, სოფლები ერგნეთი და მეღვრეკისი. მოსახლეობა დღეს თავისუფლად ვერ ბრუნდება თავის სახლში იმ მიზეზების გამო, რომ ჯერ ერთი, ძალიან ბევრი სახლია დაზიანებული, ხოლო მეორე მიზეზი - სრული დაუცველობის შეგრძნებაა...
კიდევ ერთი პრობლემა დგას ძალიან მწვავედ, რომელიც სულ მალე იჩენს თავს, - ეს არის წლევანდელი ზამთარი. ერთობლივი დიდი ძალისხმევა გვჭირდება ყველას, რომ დაზარალებულ მოსახლეობას გადავატანინოთ მოახლოებული ზამთარი. ამ ომის შედეგები ყველაზე მძიმედ გამოჩნდება ზამთრის პერიოდში. მოგეხსენებათ, ხალხს მოსავალი აუღებელი დარჩა, გადაიწვა ყანები, ბაღები, გაითელა ბაღ-ვენახი და მოსახლეობა იმ მარაგის გარეშე დარჩა, რითაც მთელი წლის მანძილზე თავი უნდა გამოეკვება; მათ აღარ გააჩნიათ ჭირნახული და, შესაბამისად, - არც სარჩო-საბადებელი. ამის შესახებ ფიქრი ჩვენ უკვე დღეს უნდა დავიწყოთ და მოვემზადოთ, რომ ეს ჭაპანი ყველამ ერთად უნდა გავწიოთ, ვის როგორ შეგვიძლია - საქართველოს ეკლესიამ, ქვეყნის ხელისუფლებამ, კომპანიებმა, ბიზნესმენებმა, ამ გაჭირვების ყველა ჭირისუფალმა, რათა ცხინვალისა და გორის რაიონის დაზიანებული სოფლების მოსახლეობას დავეხმაროთ ამ მეტად მძიმე ზამთრის გადატანაში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ განსაცდელში თანადგომის სურვილს ძალიან ბევრ ადამიანში ვხედავ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ გადავიტანთ ამ გაჭირვებას. და მთავარი, რაც მინდა აღვნიშნო, - ეს არის ჩვენი ერის ღირსეული შეხვედრა ამ განსაცდელთან, ღირსეულად გადატანა ყოველივე ამისა და ამავდროულად ის იმედი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მომავალთან.
და კიდევ ერთი რამ, რაც მინდა რომ აღვნიშნო, - სიძულვილი არ არის ჩვენს ერში არც ოსის, არც აფზახის და არც რუსის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან ზოგჯერ ეს იგრძნობა. ეს არის ჩვენი ერის დიდი ღირსება და მინდა საქვეყნოდ განვაცხადო, - საქართველოში არ არის სიძულვილი, არამედ - მხოლოდ სურვილი მშვიდობიანი თანაცხოვრებისა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ეროვნების ადამიანებთან და ჩვენს ირგვლივ მყოფ ყველა ქვეყანასთან და ერთან, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის და წინსვლის იმედით.
|
|
|