JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic
 









20-22 აგვისტოს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია იმყოფებოდა უკრაინაში - გლინის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერში. დელეგაციის წევრები იყვნენ: სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია, დეკანოზი დავით შარაშენიძე, იღუმენი კოზმა, ბატონი კოტე როგავა.
21 აგვისტოს გლინის მონასტერში დიდი დღესასწაული იყო, აქ წმინდათა დასში შეირაცხა სამი მოღვაწე სასულიერო პირი: ღირსი სქემიტროპოლიტი სერაფიმე (მეუფე ზინობი მაჟუგა), სქეარქიმანდრიტი ანდრონიკე (ლუკაში) და სქეარქიმანდრიტი სერაფიმე (რომანცოვი). მათი ცხოვრება და მოღვაწეობა დაკავშირებული იყო გლინის მონასტერთან და საქართველოსთან.
სქემიტროპოლიტი სერაფიმე იყო გლინის მონასტრის ბერი, კომუნისტურ პერიოდში, მონასტრის დახურვის შემდგომ, ის წამოვიდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში და საქართველო გახდა მისი მეორე სამშობლო. აქ გახდა ის მღვდელმონაზონი, არქიმანდრიტი, ეპიკოპოსი და თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი. მან გამოიარა დევნა, ციხეები, სატუსაღო ბანაკები და ყველგან შეინარჩუნა ერთგულება ღვთისა, სახე ღირსეული მონაზონისა და მოყვასის სიყვარული.
სქეარქიმანდრიტი ანდრონიკე ლუკაში. გლინის უდაბნოს ბერი, მონასტრის საძმოს მოძღვარი იყო, მისი ცხოვრება მაგალითია მრავალთათვის. მანაც საკმაოდ რთული ცხოვრება გამოიარა - გადასახლება, ციხეები, მაგრამ იგი ყოველთვის იყო ქრისტიანული სათნოებების მატარებელი და ღმერთზე მინდობილი. მამა ანდრონიკე მეუფე ზინობის ხელმძღვანელობის ქვეშ მოღვაწეობდა თბილსში, წმ. კეთილმსახური თავად ალექსანდრე ნეველის ტაძარში.
სქეარქიმანდრიტი სერაფიმე რომანცოვის მოღვაწეობისა და ცხოვრების ადგილი, გლინის მონასტრიდან გამოძევების შემდგომ, გახდა საქართველოს ულამაზესი კუთხე - აფხაზეთი. ის მსახურობდა ქ. სოხუმის მიხაილოვის სასაფლაოს ტაძარში. ეს მამები საკამაოდ მძიმე და რთულ დროს იყვნენ ადამიანთა ნუგეშინისმცემელნი, თავიანთი წმინდა ცხოვრებით მოპოვებულ ღვთის მადლს ისინი მრავალ ადამინს გადასცემდნენ-ასწავლიდნენ კეთილზნეობას, სიყვარულს და სულიერ ცხოვრებას ქართველებს, რუსებს, აფხაზებს, ბერძნებს, სომხებს და სხვას, განამტკიცებდნენ მათ რწმენაში. მათი ლოცვით ხდებოდა საღვთო სასწაულები.
მათ მიმართ თაყვანისცემა და სიყვარული მათი გარდაცვალების შემდგომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.
2008 წელს უკარაინის ეკლესიის სინოდმა გლინის მონასტრის 13 ბერი შერაცხა წმინდანთა დასში, ხოლო 2009 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ წმინდანთა დასში შერაცხულიყო კიდევ სამი მოღვაწე მამა: სქემიტროპოლიტი სერაფიმე, სქეარქიმანდრიტი ანდრონიკე და სქეარქიმანდრიტი სერაფიმე. ამ წმინდანთა დასს ეწოდა გლინის უდაბნოს მამათა კრებული.
21 აგვისტოს დილის 8 სთ-ზე აღესრულა საღვთო ლიტურგია, რომელსაც უძღვებოდა უკრაინის მართლმადიდებლური ავტონომიური ეკლესიის წიმანძღოლი, საპატრიარქო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა ვლადიმერი, რომელიც ამავე დროს არის გლინის მამათა მონასტრის წინამძღვარი. წირვაში მონაწილეობდნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის წევრები, რუსეთის, ბელორუსიის, მოლდავეთისა და საქართველოს წარმომადგენლები, მრავალი მომლოცველი. ”წმიდაო ღმერთოს” გალობისა და სამღვდელმთავრო ასამაღლებლის ... შემდგომ უკანასკნელად შესრულდა სამი მამისათვის მიცვალებულთა ლიტია და ამის შემდგომ საზეიმოდ გამოცხადდა უკრაინის ავტონომიური მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება - სქემიტროპოლიტი სერაფიმეს, სქეარქიმანდრიტი ანდრონიკეს და სქემარქიმანდრიტი სერაფიმეს წმინდანთა დასში შერაცხვის შესახებ, შემდეგ უკრაინის ეკლესიის წმ. სინოდის მღვდელმთავრების მიერ წაკითხულ იქნა ახლადშერაცხილ წმინდანთა მოკლე ცხოვრებები და წმ. სინოდის განჩინება.
საქართველოს დელეგაციამ წირვის ბოლოს უნეტარეს ვლადიმერს მიულოცა ეს დიდი ზეიმი და სამახსოვროდ გადასცა მაცხოვრის ჭედური ხატი. თავის ქადაგებაში სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ თქვა: ”წმიდა მამები ხორციელად იშვნენ სახვა ქვეყანაში, მათი პირველი ნაბიჯები სულიერებაში იყო გადადგმული გლინის უდაბნოში, მაგრამ ღვთის ნებამ ისნი მოიყვანა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში, რომელიც გახდა მათი მეორე სამშობლო. ისინი გახდნენ სულიერი მოძღვრები უკრაინელთათვის, ქართველთათვის, აფხაზთათვის, რუსთათვის, ბერძენთათვის, სომეხთათვის. დღეს კი მათი მფარველობა გახდა უფრო მეტად ვრცელი და მადლიანი, ისინი გვიფარავენ და ლოცულობენ ჩვენთვის, ისინი გვაერთიანებენ ჩვენ და ამიტომაც დღეს უკრაინის ეკლესიასთან ერთად ხარობს საქართველოს ეკლესია და ღვთისმორწმუნე ერი”.
საღამოს, 21 აგვისტოს დელეგაციის წევრები - მიტროპოლიტი ანდრია და იღუმენი კოზმა ესტუმრნენ წმ. სამების გუსტინის დედათა მონასტერს, ამ მონასტრის იღუმენია ვერას მიწვევით. გუსტინის მონასტერი არის ისტორიული სავანე, თავის დროს მის კედლებში მოღვაწეობდა ეკლესიის ისეთი გამოჩენილი მამა, როგორიცაა იყვნენ წმ. დიმიტრი როსტოველი, მონასტრის ისტორიაში თავისი ღვაწლი შეიტანეს ისტორიულმა პიროვნებებმა: მიტროპოლიტმა პეტრე მოგილამ, გეტმანმა ივანე მაზეპამ, თავად რეპნინთა საგვარეულომ, წმ. ტიხონ ზადონელმა.
დღეს აქ არის დედათა მონასტერი, სადაც 30 მონაზონი ცხოვრობს. კვირას სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ მონასტრის წმ. სამების საკრებულო ტაძარში შეასრულა წმ. ლიტურგია მონასტერში მომსახურე სამღვდელო დასთან ერთად. მიტროპოლიტმა ანდრიამ მონასტერს უსახსოვრა წმ. მოციქულთა სწორი ნინოს ჭედური ხატი.












ფოტომასალა