|

23 სექტემბერს, სამთავისისა და გორის ეპარქიას ესტუმრა კვიპროსის ეკლესიის მეთაური - მთავარეპისკოპოსი ახლისა იუსტინიანისა და სრულიად კვიპროსისა უნეტარესი ქრიზოსტომოს II. კვიპროსის ეკლესიას ახლდნენ კიტიუს მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი, არსენიის ეპისკოპოსი ნეკტარიოსი, არქიმანდრიტი კვიპრიანე და მთავრი დიაკონი ტიხიკოსი, საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები, მიტროპოლიტები: თეოდორე, საბა, გერასიმე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს ელჩი კვიპროსში ბა-ნი ვლადიმერ კონსტანტინიდი, კვიპროსში მოღვაწე დეკანოზი ზაქარია ფერაძე, დეკანოზი მიქაელი (გალდავა), ქ-ნი თამარ მესხი.
სტუმრობა დაიწყო წმ. ნინოს ტაძრიდან, ტაძრის გარეთ უნეტარეს ქრიზოსტომოს II-ს დახვდა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია. მთავარეპისკოპისი ქრიზოსტომოსი მივიდა წმ. ნინოს ტაძარში, რათა შეხვედროდა იქ შეკრებილ სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობას, უნეტარესმა დალოცა დევნილები და ბრძანა: "კვიპროსი და საქრთველო მსგავს მდგომარეობაში არიან, ორივე ქვეყნის ხალხი განიცდის თავისი მიწა-წყლის დროებით დაკარგვას, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ვიღაცას ჰგონია, რომ მისი სიძლიერე სამხედრო თვითმფრინავების, ტანკების და სხვანაირი შეიარაღების სიმრავლით გამოიხატება, მათზე უფრო ძლიერი არის ღმერთი და უსამართლობას ყოველთვის აქვს დასასრული, ამიტომაც გვწამდეს, გავძლიერდეთ ღვთივსათნო ცხოვრებაში და ჩვენი ხალხი აუცილებლად იზეიმებს საქართველოსა და კვიპროსის გაძლიერებას".
ამის შემდეგ სტუმრები ეწვივნენ ყოვლადწმიდა ღვთსმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარს. ტაძარში უნეტარესმა ქრიზოსტომოსმა გადაიხადა მცირე პარაკლისი, დალოცა ქალაქის მოსახლეობა და იქ შეკრებილი ადამიანები. ამის შედგომ სტუმრებმა დაათვალიერეს საეპისკოპოსო სახლი, დღის პირველ საათზე კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრში შეიკრიბა ქ. გორის საზოგადოება. აქ ბრძანდებოდნენ პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში ბ-ნი გიორგი ტატიშვილი, გუბერნატორის მოადგილე ბ-ნი ზურაბ ჩხეიძე, გორის უნივერსიტეტის რექტორი ბ-ნი გიორგი სოსიაშვილი, იოსებ სატალინის სახელობის მუზეუმის დირექტორი ბ-ნი რობერტ მაღლაკელიძე, გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ქ-ნი თინათინ სოსანიძე, გორის პედაგოგიური, სამედიცინო, სამუსიკო, სამხატვრო საზოგადოების წარმომადგენლები.
უნეტარეს ქრიზოსტომოსს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ გააცნო გორის საზოგადოება, მოკლედ მოუთხრო მათ მოღვაწეობაზე, ერთგულ დამოკიდებულებაზე სამშობლოსა და ეკლესიისადმი. სტუმარს პირველმა მიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ბ-ნმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოსა და კვიპროსის ურთიერთობების ისტორიაზე და ასევე დღევანდელ მიმდნარე პროცესებზე. სტუმრებს მიესალმნენ: მწერალი და საზოგადო მოღვაწე ბ-ნი ვანო ჩხიკვაძე, გორის უნივერსიტეტის რექტორი ბ-ნი გიორგი სოსიაშვილი, მორწმუნე ქალთა საზოგადოების თანა თავმჯდომარე ქ-ნი მანანა ყანჩაველი. შეხვედრა გამშვენებული იყო გორის მუსიკალური სასწავლებლის ახალგაზრდა გოგონათა და ანსამბლ შვიდკაცას მუსიკალური გამოსვლებით. შეხვედრის დასარულს მიტროპოლიტი ანდრია კიდევ ერთხელ, ეპარქიის და გორის საზოგადოების სახელით, მიესალმა კვიპროსის ეკლესიის მეთაურს უნატარეს ქრიზოსტომოსს და გადასცა მას გორელი მხატვრის ბ-ნ ვანო არჩვაძის მიერ შესრულებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი. უნეტარესმა ქრიზოსტომოსმა მადლობა მოახსენა საზოგადოებას, გუბერნატორს, მიტროპოლიტ ანდრიას გულთბილი შეხვედრისათვის და გადასცა სამახსოვრო საჩუქრები.
შეხვედრის შემდეგ სტუმრები გაემგზავრნენ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში. მათ იქ ელოდებოდათ გიმნაზიის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. უნეტარესმა ქრიზოსტომოსმა მოილოცა გიმნაზიის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის ტაძარი, დალოცა ბავშვები და სიტყვით მიმართა მათ: "საყვარელო ბავშვებო, გარდა იმისა რომ თქვენ ღებულობთ ცოდნას თქვენი მასწავლებლებისგან, თქვენ შეგიძლიათ თავად გადასცეთ მათ თქვენი გულწრფელობა, სიალალე, სარწმუნოების სიძლიერე, ასე რომ თქვენ ხართ არა მარტო მიმღებნი, არამედ გამცემნიც და უფროსებიც სწავლობენ თქვენგან".
უნეტარესმა ქრიზოსტომოსმა მოინახულა წმ. დიდმოწამე დავით და კონსტანტინეს კლასი და დაესწრო ბავშვების მიერ მომზადებულ მხატვრულ წარმოდგენას. გიმნაზიიდან ყველანი გაემგზავრნენ ატენის სიონის დედათა მონასტერში, სადაც მათ შეხვდა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ნინო დებთან ერთად და სოფელ ატენის მრევლი. მიტროპოლიტმა ანდრიამ სტუმრებს მოუთხრო ატენის სიონის ისტორია, მისი მნიშვნელობა და ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევის შესახებ, რომელიც მიმართულია ამ სულიერი და კულტურული ძეგლის გადარჩენისა და აღორძინებისათვის. ატენის სიონის მოლოცვის შემდგომ სტუმრები ესტუმრნენ მცირე ატენს, იქ დედათა მონასტერში გაიმართა სადილი. საღამოს კვიპროსელი სტუმრები მასპინძლებთან ერთად ესტუმრნენ უფლისციხის ისტორიულ კომპლექსს. აქ მათ მასპინძლობდა უფლისციხის მუზეუმის დირექტორი ბ-ნი ზურაბ სადაღაშვილი. სტუმრებს დაათვალიერებინეს და მოუყვნენ კლდის ქალაქ უფლისციხის 20 საუკუნოვანი ისტორიის შესახებ. სტუმრებმა მოილოცეს წმ. გიორგის ტაძარი, დაათვალიერეს კომპლექსის დარბაზები, დატკბნენ გარშემო ხედებით.
უფლისციხეში მათ შეხვდათ სოფლის მოსახლეობა და მრევლი. უფლისციხის დათვალიერების შემდგომ მიტროპოლიტმა ანდრიამ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოახსენა კვიპროსის ეკლესიის მეთაურს უნეტარეს ქრიზოსტომოსს ჩამობრძანებისათვის, მადლისა და ლოცვა-კურთხევის გადმოცემისათვის. ამის შემდეგ სტუმრები გაემგზავრნენ თბილისში.
|
|
ფოტომასალა
|