JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic
 







არქიმანდრიტ რაფაელის ქადაგებანი
მარხვის შესახებ

მართლმადიდებელ ეკლესიაში „ვნების შვიდეული“ დიდი მარხვის ყველაზე მნიშვნელოვან კვირად ითვლება.
შვიდეულის ორშაბათს და სამშაბათს იხსენიება ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებები იესო ქრისტეს ჯვარცმის შესახებ, ოთხშაბათს - ქრისტეს მოწაფისა და მოციქულის მიერ მაცხოვრის ოცდაათ ვერცხლად გაცემა; ხუთშაბათს ზიარების საიდუმლოს დადგინება; პარასკევს - მაცხოვრის ჯვარცმა და სიკვდილი, შაბათს - მაცხოვრის სხეულის საფლავად ყოფნა (აკლდამაში ყოფნა, სადაც იუდეული წეს-ჩვეულებით კრძალავდნენ მკვდრებს).
ვნების შვიდეულში ჩადებულია მთავარი სოტეროლოგიური დოგმატები (სწავლება ცხოვნების შესახებ) და იგი ყველა ქრისტიანული მარხვის მწვერვალს წარმოადგენს, ისევე როგორც აღდგომაა ყველა დღესასწაულის უმშვენიერესი უბრწყინვალესი გვირგვინი.
„არ ეგება ქრისტიანს დიდი მარხვის დროს თევზის ჭამა. თუ მე დღეს ეს დაგითმე, ხვალ შემომთავაზებ ხორცი შევჭამო, შემდეგ კი მომთხოვ საერთოდ უარვყო ქრისტე, ჩემი შემქმნელი და უფალი. უმალ სიკვდილს ვარჩევ“. ასე უპასუხა წმიდა კეთილმორწმუნე მეფემ ლუარსაბ II შაჰ-აბასს, როგორც ამას მოგვითხრობს კათოლიკოს-პატრიარქის ანტონის „მარტიროლოგია“.
მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს ერთდღიანი და მრავალდღიანი მარხვები. ერთდღიანი მარხვებია ოთხშაბათი და პარასკევი. ქრისტიანი მათ იცავს ყოველკვირეულად, გარდა კალენდარში მითითებული განსაკუთრებული შემთხვევებისა. მონაზონთათვის ანგელოზთა საპატივცემულოდ მარხვის დღეა ორშაბათიც.
მარხვაა აგრეთვე ორი დღესასწაული: ჯვართამაღლება (27 სექტემბერი) და იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთა (11 სექტემბერი).
მრავალდღიანი მარხვებია: დიდი მარხვა, რომელიც თავის მხრივ ორი მარხვისაგან შედგება. ესენია: წმიდა ორმოცდღიანი მარხვა, დაარსებული მაცხოვრის უდაბნოში ორმოცდღიანი მარხვის საპატივცემულოდ და ვნების შვიდეული, რომელიც ეძღვნება იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების უკანასკნელ დღეებს, ჯვარცმას, სიკვდილს და დაფლვას.
დიდი მარხვის დასაწყისს განსაზღვრავს აღდგომის გარდამავალი დღესასწაული, ამიტომ მას დადგენილი თარიღი არა აქვს. პეტრე-პავლობის მარხვა იწყება სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ და 12 ივლისამდე გრძელდება. ეს მარხვა დადგენილია იესო ქრისტეს მოწაფეების მისიონერული მოღვაწეობისა და მოწამეობრივი სიკვილის საპატივცემულოდ. მიძინების მარხვა (14-დან 28 აგვისტომდე) დადგენილია ღვთისმშობლის საპატივცემულოდ, რომლის მიწიერი ცხოვრება იყო სულიერი მოწამეობა და ჯვარცმული მაცხოვრის ვნებათა გამუდმებული განცდა.
შობის მარხვა - 28 ნოემბრიდან 6 იანვრამდე - ეს არის მორწმუნეთა სამზადისი შობის დღესასწაულისათვის - მეორე აღდგომისათვის, სიმბოლურად იგი აღნიშნავს სამყაროს მდგომარეობას მაცხოვრის მოვლინებამდე.
საეკლესიო იერარქიას შეუძლია დააწესოს მარხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად საყოველთაო უბედურების (ეპიდემიის, ომების და ა.შ.) დროს. ქრისტიანისათვის მართებულია იმარხულოს ზიარების წინა დღეს.
მარხვის აზრი და მნიშვნელობა ბევრ გაუგებრობასა და უთანხმოებას იწვევს თანამედროვე საზოგადოებაში. ეკლესიის მისტიური ცხოვრება, საიდუმლოებები, სჯულის კანონი და წესები, ზოგი ჩვენი თანამედროვისათვის ისეთივე უცხო რჩება, როგორც ამერიკის კოლუმბამდელი ისტორია. ტაძრები, იეროგლიფებივით გაუგებარი სიმბოლიკით, გაუვალი ნისლით გარშემორტყმულნი მათ ეჩვენებოდათ როგორც გრენლანდიის ყინულოვანი მთები. მხოლოდ უკანასკნელ წლებში გააცნობიერა საზოგადოებამ, რომ სულიერი პრობლემის გადაჭრის გარეშე, ზნეობრივი ღირებულებების პრიმატის აღიარების გარეშე, რელიგიური განათლების გარეშე შეუძლებელია კულტურული, სოციალური, ეროვნული, პოლიტიკური და ასე განსაჯეთ ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაც კი. ათეიზმი უკან იხევს, მაგრამ მან მემკვიდრეობით დაგვიტოვა ნგრევა, დარღვეული კულტურული ტრადიციები, დეფორმირებული საზოგადოებრივი ურთიერთობები, და ალბათ ყველაზე საშიში - ერთგანზომილებიანი უსულო რაციონალიზმი, რომელიც ადამიანს პიროვნებიდან ბიოლოგიურ მანქანად გადააქცევს, გადააქცევს რკინის კონსტრუქციებისაგან შედგენილ მონსტრად.
ადამიანში იმთავითვეა ჩადებული რელიგიური გრძნობა - შეგრძნება მარადიულობისა, როგორც საკუთარი უკვდავების ემოციური გააზრება. ეს არის სულის საიდუმლო მინიშნება სენსორული აღქმის მიღმა არსებული სულიერი სამყაროს რეალიებზე. ესაა ადამიანის გულის გნოსისი (ცოდნა) მისი გამოუცნობი ძალებისა და შესაძლებლობებისა.
ადამიანი, რომელიც მატერიალური ღირებულებითაა აღზრდილი, მიდრეკილია ცოდნის მწვერვალად მიიჩნიოს მეცნიერების, ტექნიკის, ლიტერატურისა და ხელოვნების მიღწევები. სინამდვილეში ეს ცოდნის უმნიშვნელი ნაწილია იმ ინფორმაციებთან შედარებით, რომელსაც ფლობს ადამიანი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი. გარდა ლოგიკურად მომუშავე გონებისა, მასშია თანდაყოლილი ინსტინქტები, ქვეცნობიერება, რომელიც აფიქსირებს ადამიანის მთელს ფსიქიურ მოქმედებას; ზეცნობიერება ესაა ინტუიციური წვდომისა და მისტიური ჭვრეტის უნარი. რელიგიური ინტუიცია და სინთეზური აზროვნება არის შემეცნების უმაღლესი ფორმა - ესაა გნოსისის „გვირგვინი“.
ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს ინფორმაციის გამუდმებული ცვლა, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა მისი თუნდაც ერთი უჯრედის არსებობა.
ამ ინფორმაციის მოცულობა განუსაზღვრელად დიდია, ვიდრე მსოფლიოს ყველა ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების რაოდენობა. პლატონი შემეცნებას, „მინიშნებას“, ღვთიური გნოსისის ანარეკლს უწოდებდა.
ემპირიული გონება, დაცოცავს ფაქტებზე, როგორც გველი მიწაზე, ვერ იგებს ფაქტების არსს, იმდენად, რამდენადაც შლის საგნებს უჯრედებად, ჩეხავს, სპობს მათ. კლავს ცოცხალ ფენომენს და არ შეუძლია მათი გაცოცხლება. რელიგიური აზროვნება სინთეზურია. ესაა სულიერ სფეროში ინტუიციური წვდომა. რელიგია - ესაა ადამიანის შეხვედრა ღმერთთან და აგრეთვე საკუთარ თავთან. ადამიანი საკუთარ სულს აღიქვამს, როგორც განსაკუთრებულ ცოცხალ, უხილავ სუბსტანციას და არა როგორც სხეულის ფუნქციას და ბიოდენების კომპლექსს; იგი აღიქვამს თავის თავს როგორც ხორციელ და სულიერ ერთობლიობას, (მონადას) და არა როგორც მოლეკულებისა და ატომების კონგლომერატს. ადამიანი აღმოაჩენს საკუთარ სულს, როგორც ალმასს იმ მედალიონზე, რომელსაც იგი ყოველთვის ატარებდა, მაგრამ არ იცოდა მისი არსებობის შესახებ; ადამიანი აღმოაჩენს საკუთარ თავს, როგორც მეზღვაური შორეულ ნაპირს, საიდუმლო კუნძულს, რელიგიური აზროვნება - ესაა ცხოვრების მიზნისა და აზრის გაცნობიერება.
ქრისტიანობის მიზანი - ესაა საკუთარი ადამიანური ორგანულობის გადალახვა აბსოლუტურ ყოფიერებასთნ ზიარების გზით. ქრისტიანობის საპირისპიროდ ათეისტური სწავლება - ეს სამარისეული რელიგიაა, რომელიც მეფისტოფელის სარკაზმითა და თავხედობით ამტკიცებს, რომ მატერიალური სამყარო გაჩნდა რაღაც წერტილიდან, გაიფანტა მთელს საყაროში, როგორც მინაზე დაქცეული ვერცხლისწყლის წვეთები, რომელიც სრულიად უაზროდ და უკვალოდ განადგურების შემდეგ, კვლავ ერთ წერტილში მოიყრის თავს.
რელიგია - ეს ღმერთთან ურთიერთობაა. რელიგია არა მარტო გონების, ან ნების საკუთრებაა, იგია თვით ცხოვრება და მოიცავს მთელ ადამიანს, როგორც ფსიქოფიზიკურ ერთიანობას.
მარხვა არის საშუალება სულისა და სხეულის, გონებასა და გრძნობას შორის ჰარმონიის აღდგენისა.
მატერიალისტები მარხვას ორი ვითარებით ხსნიან: როგორც რელიგიური ფანატიზმის შედეგს, ან როგორც სახალხო მედიცინისა და ჰიგიენის გამოცდილებას. მეორეს მხრივ, სპირიტუალისტები უარყოფენ სხეულის ზემოქმედებას სულზე, აღიარებენ, რომ ადამიანს აქვს ორი საწყისი და თვლიან უღირსად იმას, რომ რელიგია კვების პრობლემებითაა დაკავებული.
ბევრი ადამიანი ამბობს: ღმერთთან ურთიერთობისათვის აუცილებელია სიყვარული. მაშ რა მნიშვნელობა აქვს მარხვას? ყველაზე ხშირად ასე ლაპარაკობს ის, ვისაც სურს გაამართლოს კუჭის მონობა და არ ალაგმოს გაუმაძღრობა. მაღალფარდოვანი ფრაზებითა და მოჩვენებითი სულიერებით ასეთი ადამიანი მალავს შიშს თავისი ტირანის - სტომაქის წინაშე.
ქრისტიანული სიყვარული - ესაა კაცთა მოდგმის ერთიანობის გრძნობა, ესაა ადამიანის პიროვნების, სხეულში მოქცეული, უკვდავი სულის ანუ მარადიულობის ფენომენის პატივისცემა. ესაა უნარი ემოციურად განიცადონ სხვისი მწუხარება და სიხარული. ანუ ეს არის საკუთარი შეზღუდულობისა და ეგოიზმის დაძლევა.
ქრისტიანული სიყვარული უფრო მდიდრულად წარმოაჩენს ადამიანის პიროვნებას, ხოლო სიცოცხლეს უფრო ღრმასა და შინაგანი შინაარსით დატვირთულს. ქრისტიანული სიყვარული მზის სხივივით უანგაროა, იგი სანაცვლოდ არაფერს არ თხოულობს და არც არაფერს თვლის თავისად. იგი არ ემონება არავის და არც თავისთვის ეძებს მონას, მას უყვარს ღმერთი და ადამიანი, როგორც ღვთის ხატი, ხოლო სამყაროს აღიქვამს როგორც შემოქმედის მიერ დახატულ სურათს, რომელზეც ჯერ კიდევ შეიმჩნევა ღვთაებრივი სილამაზის ნაკვალევი და აჩრდილები. იმისათვის, რომ ადამიანმა მოიპოვოს ქრისტიანული სიყვარული, გამუდმებით უნდა ებრძოლოს ეგოიზმს - ასთავიან ურჩხულს; ეგოიზმთან ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას მხეცივით მძვინვარე ვნებებთან, ვნებებთან ბრძოლა კი სხეულის სულზე დამორჩილებას, აჯანყებული „ბნელი, ღამეული მხევლის“ (გრიგოლ ღვთისმეტყველი) - თავის უკვდავ დედოფალზე (სულზე). ამ ბრძოლაში გამარჯვებული, როგორც კლდეში წყაროს - ისე აღმოაჩენს გულში სულიერ სიყვარულს.
უკიდურესი სპირიტუალისტები უარყოფენ სულზე ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედებას, თუმცა ეს ეწინააღმდეგება ყოველდღიურ გამოცდილებას. მათთვის სხეული მხოლოდ სულის გარსია, რაღაც გარეგანი და დროებითია ადამიანისათვის.
მატერიალისტები კი პირიქით, ხაზს უსვამენ ამ ზემოქმედებას და სურთ სული წარმოადგინონ, როგორც სხეულის ტვინის ფუნქცია.
ადრე ქრისტიანული აპოლოგეტი - ათენაგორა წარმართი ოპონენტის შეკითხვაზე თუ როგორ ახდენს ხორციელი ავადმყოფობა უსხეულო სულის მდგომარეობაზე ზეგავლენას, საპასუხოდ მოჰყავს ასეთი მაგალითი: სული მუსიკოსია, სხეული კი ინსტრუმენტი. თუ ინსტრუმენტი დაზიანებულია, მაშინ მუსიკოსს არ შეუძლია გამოსცეს მასზედ ჰარმონიული ხმები. მეორეს მხრივ, თუ მუსიკოსი ავადაა, ინსტრუმენტი დუმს. ეს მხოლოდ მხატვრული სახეა. სინამდვილეში სულსა და სხეულს შორის კავშირი გაცილებით მეტია. სხეული და სული ქმნიან ადამიანის ერთიან პიროვნებას.
მარხვის მეოხებით სხეული იქცევა დახვეწილ ინსტრუმენტად, რომელსაც შეუძლია გამოხატოს მუსიკოსის - სულის ყოველი მოძრაობა. ხატოვნად რომ ვთქვათ, სხეული აფრიკული დოლიდან სტრადივარიუსის ვიოლინოდ გადაიქცევა. მარხვა ეხმარება ადამიანს აღიდგინოს სულიერ ძალთა იერარქია, დაუმორჩილოს ადამიანის ურთულესი ფსიქიური ორგანიზმი უმაღლეს სულიერ მიზნებს. მარხვა ეხმარება სულს დაუმორჩილოს ვნებები, როგორც მარგალიტს ნიჟარიდან, ისე ათავისუფლებს სულს ყოველგვარი გრძნობიერებისა და მანკიერის ტყვეობიდან. მარხვა ათავისუფლებს ადამიანის სულს ნივთიერისადმი, ბიწიერისადმი, გამუდმებული მიდრეკილებისაგან.
ადამიანის ფსიქოფიზიური იერარქია მოგვაგონებს თავდაყირა დადგმულ პირამიდას, სადაც სხეული თრგუნავს სამშვინველს, სამშვინველი კი მთლიანად შთანთქავს სულს. მარხვა უმორჩილებს სხეულს სამშვინველს, სამშვინველს კი სულს. მარხვა არის სულისა და სხეულის ერთიანობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ფაქტორი.
თავის შეგნებული შეზღუდვა არის სულიერი თავისუფლების მიღწევის საწინდარი (ამას გვასწავლიდნენ ჯერ კიდევ ძველი ფილოსოფოსები: „ადამიანმა უნდა ჭამოს იმისთვის, რომ იცოცხლოს და იცოცხლოს არა იმისთვის, რომ ჭამოს“ - სოკრატე). მარხვა ზრდის ადამიანის სულიერი თავისუფლების პოტენციალს. ხდის მას გარეგნული ფაქტორებისაგან უფრო დამოუკიდებელს და მინიმუმამდე დაჰყავს მისი ქვენა მოთხოვნილებები. ამასთანავე თავისუფლდება ენერგია და დრო სულიერი ცხოვრებისათვის.
მარხვა ნების გამოვლინებაა, რელიგია კი დიდად არის დამოკიდებული ადამიანის ნებაზე. მას ვისაც არ შეუძლა შეზღუდოს მუცელი, მას არ შეუძლია დაამარცხოს უფრო ძლიერი დახვეწილი ვნებები. უზნეო ჭამა არის საწინდარი უზნეობისა ადამინის ცხოვრების სხვა სფეროებში.
იესო ქრისტე ბრძანებს: „სასუფეველი ცათაი აიძულებს, და რომელნი აიძულებდნენ, მათ მიიტაცონ იგი“. გამუდმებული ძალისხმევისა და ნებისყოფის დაძაბვის გარეშე, სახარებისეული მცნებები შორს მოციმციმე იდეალებად დარჩება და არ იქცევა ადამიანის ცხოვრების რეალურ შინაარსად. ქრისტიანული სიყვარული, ეს განსაკუთრებული - მსხვერპლად შესაწირი სიყვარულია. მარხვა გვასწავლის დასაწყისში მსხვერპლად გავიღოთ მცირედი, „მაგრამ დიდი ხომ მცირედიდან იწყება“. ეგოისტი სხვებისაგან ითხოვს მსხვერპლს, და ამასთანავე ხშირად თავის თავს სხეულთან აიგივებს.
ძველი ქრისტიანები მარხვის მცნებას მოწყალების მცნებასთან აკავშირებდნენ. მათ ჰქონდათ ასეთი წესი: საჭმლისათვის დაგროვილი ფული დღესასწაულებზე მათხოვრებისათვის დაერიგებინათ.
ჩვენ შევეხეთ მარხვის პიროვნულ ასპექტს, მაგრამ არსებობს მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი - ეკლესიოლოგიური მხარეც. მარხვის საშუალებით ადამიანი სატაძრო ღვთისმსახურების რიტმში ერთვება, წმიდა სიმბოლოთა და სახეთა მეშვეობით რეალურად განიცდის ბიბლიური ისტორიის მოვლენებს.
ეკლესია - ეს სულიერი ორგანიზმია, და როგორც ყველა ორგანიზმს, არც მას შეუძლია რიტმების გარეშე არსებობა.
მარხვები წინ უსწრებს დიდ ქრისტიანულ დღესასწაულებს. მარხვა სინანულის ერთ-ერთი პირობაა, სინანულისა და განწმედის გარეშე ადამინს დღესასწაულის სიხარულის შეგრძნება არ შეუძლია. უფრო ზუსტად მას შეუძლია განიცადოს ესთეტიკური კმაყოფილება, ძალთა მოზღვავება, ეგზალტაცია და ა.შ., მაგრამ ეს სულიერების სუროგატია მხოლოდ. ჭეშმარიტი, გამაახლებელი სიხარული, როგორც გულში მოქმედი მადლი, მისთვის მიუწვდომელია.
ქრისტიანობა ადამიანისაგან განუწყვეტელ სრულყოფას მოითხოვს. სახარება ადამინის დაცემის უსასრულობას ააშკარავებს, ისე როგორც მეყვსეული განათება შავბნელ უფსრკულს, ამავე დროს სახარება აძლევს ადამიანს ზეცასავით უსასრულო ღვთის მოწყალებას. სინანული ნიშნავს გამუდმებით აღმოვაჩენდეთ ჩვენს თავში ჯოჯოხეთს და ქრისტე მაცხოვრის სახეში განხორციელებულ ღმერთის სიყვარულს. სულიერი აღორძინების გზა მწუხარებისა და იმედის ორ პოლუსს შორის გადის.
ზოგი მარხვა ბიბლიური ისტორიის სამწუხარო მოვლენებს ეძღვნება. Oოთხშაბათი დაწესებულია იუდას მიერ ქრისტეს გაცემის გასახსენებლად. პარასკევი - ქრისტეს ჯვაცმისა და სიკვდილის დღეა. ვინც ოთხშაბათს და პარასკევს არ მარხულობს და ამბობს „ღმერთი მიყვარსო“, თავს იტყუებს. განა ჭეშმარიტად შეყვარებული ადამიანი სატრფოს ცხედართან მუცლის ამოყორვაზე ფიქრობს? ის ვინც ოთხშაბათს და პარასკევს მარხულობს ქრისტეს ვნებათა განცდის განსაკუთრებულ ნიჭს იძენს.
წმიდანები გვასწავლიან: „მიეცი სისხლი, მიიღე სული“. დაუმორჩილე შენი სხეული სულს, ეს სხეულისათვის ისევე სასიკეთო იქნება, როგორც ცხენისათვის - მხედრის მორჩილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე უფსკრულში ჩაცვივდებიან. გაუმაძღარი ადამიანი სულს მუცელზე ცვლის და სანაცვლოდ იძენს ქონს.
მარხვა უნივერსალური მოვლინებაა. იგი ყველა ხალხში და ყოველ დროს არსებობდა. მაგრამ ქრისტიანული მარხვა არ შეიძლება შევადაროთ ბუდისტის ან მანიქეველის მარხვას. ქრისტიანული მარხვა სულ სხვა რელიგიურ პრინციპებსა და იდეალებს ეფუძვნება. ბუდისტისათვის ადამიანსა და მწერს შორის პრინციპული სხვაობა არ არსებობს. ამიტომაც ხორცის საკვებად გამოყენება მისთვის გვამის ჭამა, კანიბალისტური აქტია. ზოგიერთ წარმართულ რელიგიურ სკოლაში აკრძალული იყო ხორცის ჭამა, რადგანაც სულთა გარდასახვის (მეტაფსიქოზის) თეორია ადამიანს აფრთხილებდა, რომ კარმის (შურისგების) კანონის მიხედვით, ბატში ან თხაში შესაძლოა წინაპრის სული ყოფილიყო.
ზოროასტრიზმის, მანიქეიზმის და სხვა დუალისტური რელიგიების სწავლებით, ქვეყნიერების შექმნაში დემონური ძალაც მონაწილეობდა. ამიტომაც ზოგიერთ არსებაში ბოროტ საწყისს ხედავდნენ. ზოგ რელიგიაში მარხვა ეფუძნებოდა ცრუ წარმოდგენას ადამინის სხეულზე, როგორც სულის საპყრობილეზე და ყოველგვარი ბოროტების თავმოყრის ადგილზე. რაც თვითგვემასა და ფანატიზმს ბადებდა. ქრისტიანობა თვლის, რომ ამგვარი მარხვა, კიდევ უფრო არღვევს და შლის „ადამინის სამი განზომილების“ - სულის, სამშვინველისა და სხეულის ერთიანობას.
თანამედროვე ვეგეტარიანელობა, რომელიც ცოცხალ არსებათა მიმართ სიბრალულის იდეებს ქადაგებს, ეფუძნება მატერიალისტურ წარმოდგენებს, რომელიც ადამინსა და ცხოველებს შორის, არსებულ განსხვავებათა ყოველგვარ ზღვარს შლის. თუ კი თანმიმდევრული ევოლუციონისტი ვიქნებით, მაშინ, ცოცხალ არსებად უნდა ვაღიაროთ ორგანული სიცოცხლის ყველა ფორმა, მათ შორის - ხეები და ბალახებიც. ეს კი ნიშნავს, რომ შიმშილით სიკვდილისათვის გავწიროთ თავი. ვეგეტარიანელთა აზრით, მცენარეული საკვების მიღება თავისთავად, მექანიკურად ცვლის ადამინის ხასიათს, მაგრამ, ჰიტლერი, მაგალითად ვეგეტარიანელი იყო.
რა პრინციპებით შეირჩევა საკვები ქრისტიანული მარხვისათვის? ქრისტიანისათვის წმიდა და უწმიდური საჭმელი არ არსებობს, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადამიანის ორგანიზმზე საკვების ზემოქმედების გამოცდილება, ამიტომაც ისეთი არსებები, როგორიცაა თევზები და ზღვის ცხოველები სამარხვო საჭმელად ითვლება. სახსნილო საჭმელს ხორცის გარდა, მიეკუთვნება კვერცხი და რძის პროდუქტები. ყოველგვარი მცენარეული საკვები სამარხვოა.
ქრისტიანულ მარხვას გააჩნია რამდენიმე სახე: მკაცრი და შემსუბუქებული. მარხვას მიეკუთვნება:
- სრული თავშეკავება საკვებისაგან. ეკლესიის წესდებით ასეთი მარხვები რეკომენდირებულია დიდი მარხვის პირველ ორ დღეს და ამავე მარხვის ბოლო პარასკევს, ასევე წმიდა მოციქულთა მარხვის პირველ დღეს.
- უმი მარხვა - ცეცხლზე მოუხარშავი, შეუწვავი საკვების მიღება;
- მშრალი მარხვა - მცენარეული ზეთის გარეშე დამზადებული საკვების მიღება;
- მკაცრი მარხვა - უთევზოდ;
- ჩვეულებრივი მარხვა - თევზეულის, მცენარეული ზეთის და ყოველგვარი მცენარეული საკვების მიღება.
ამის გარდა, მარხვის დროს რეკომენდირებულია საკვების მიღების შეზღუდვა (მიღება დღეში ორჯერ); რაოდენობის შემცირება (საკვების ჩვეულებრივი რაოდენობის ორი მესამედით დაკმაყოფილება). საჭმელი უნდა იყოს უბრალო და არა ნატიფი. მარხვის დროს, საკვები ჩვეულებრივზე უფრო გვიან უნდა მივიღოთ (შუადღის შემდეგ, თუკი ამის საშუალებას გვაძლევს სამუშაო და ცხოვრებისეული პირობები).
ქრისტიანული მარხვის დარღვევად ითვლება ხარბი ჭამა, ფუჭი საუბარი, ხუმრობა და მსგავსი საქციელი. მარხვა მკაცრად შეფარდებული უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობასთან და ფიზიკურ ძალებთან. ბასილი დიდი წერს, არ იქნებოდა სამართლიანი ძლიერი და სუსტი ორგანიზმისათვის, ერთნაირი მარხვა დაგვეწესებინა („ზოგის სხეული რკინას ჰგავს, ზოგის კი თივას“).
მარხვა უმსუბუქდებათ: ორსულებს, მშობიარეებს და მეძუძურ დედებს; მგზავრობაში მყოფთ და ექსტრემალურ პირობებში მოხვედრილთ; ბავშვებს და მოხუცებულებს, თუკი მოხუცებულობას თან ახლავს უძლურება და სისუსტე. მარხვა უქმდება იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურად შეუძლებელია სამარხვო საჭმლის შოვნა და ადამიანს ავადმყოფობა და შიმშილით სიკვდილი ემუქრება.
კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი დაავადებების დროს მარხვის დიეტაში შეაქვთ განსაზღვრული სახსნილო, ამ დაავადებების დროს აუცილებელი საკვები.
მარხვის წინააღმდეგ, პრესისა თუ მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებით, შემაძრწუნებელი განცხადებებით არა ერთხელ გამოსულან მედიკოსები. ისინი გვიხატავენ სისხლნაკლულობის, ავიტამინოზის და დისტროფიის ედგარ პოს და ჰოფმანისეულ პირქუშ სურათს. ეს დაავადებები, როგორც შურისძიების აჩრდილები, ჩაუსაფრდებიან მათ, ვინც საეკლესიო კანონებს უფრო ემორჩილება, ვიდრე პევზნერის „კვების ჰიგიენას“. ხშირ შემთხვევაში ეს მედიკოსები ქრისტიანულ მარხვას აიგივებენ ეგრეთ წოდებულ „ძველ ვეგეტარიანელობასთან“, რომელიც საკვებიდან გამორიცხავდა ცხოველური წარმოშობის ყველა პროდუქტს. ის მედიკოსები მარხვის ელემენტარულ საკითხებშიც ვერ ერკვეოდნენ. ბევრმა მათგანმა არ იცოდა, რომ თევზი სამარხვო საჭმელია. ისინი სტატისტიკურად ფიქსირებულ ფაქტებს უგულებელყოფენ. მრავალი ტომი და ხალხი, რომლებიც უმეტესად მცენარეული საჭმელით იკვებებიან, ამტანიანობითა და დღეგრძელობით გამოირჩევიან. სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით პირველ ადგილზე დგანან მეფუტკრეები და მონაზვნები.
ოფიციალური მედიცინა სახალხოდ უარყოფდა რა რელიგიურ მარხვას, სამკურნალო პრაქტიკაში იგი მაინც შეჰქონდა „განტვირთვის დღეებისა“ და ვეგეტარიანული დიეტის სახელწოდებით, სანატორიუმებსა და სამხედრო სამსახურში ვეგეტარიანულ დღეებად დაწესებული იყო ორშაბათი და ხუთშაბათი. გამოირიცხებოდა ყველაფერი, რაც ქრისტიანობას გაახსენებდა ადამიანს. ჩანს, რომ ათეიზმის იდეოლოგებმა, არ იცოდნენ, რომ ძველი ფარისევლები ორშაბათს და ხუთშაბათს მარხულობდნენ.
პროტესტანტური კონფენსიების უმრავლესობაში კალენდარული მარხვა არ არსებობს. მარხვის საკითხები ინდივიდუალურად წყდება.
თანამედროვე კათოლიკურ ეკლესიაში მარხვა მინიმუმამდეა დაყვანილი. რძე და კვერცხი სამარხვო პროდუქტებია. ნებადართულია ზიარებამდე ერთი-ორი საათით ადრე ჭამა.
მონოფიზიტებისა და ნესტორიანელების მარხვა ხანგრძლივობითა და სიმკაცრით გამოირჩევა (შეიძლება აქ თავს იჩენს საერთო აღმოსავლურ-რეგიონალური ტრადიციები).
ძველი აღთქმის ეკლესიაში უმთავრესი მარხვა „განწმედის“ დღე იყო (სექტემბრის თვეში). გარდა ამისა, არსებობდა იერუსალიმის დანგრევისა და ტაძრის დაწვისადმი მიძღვნილი ტრადიციული მარხვები. მარხვის ერთგვარი სახე იყო საკვების აკრძალვა, რომელიც აღმზრდელობით-პედაგოგიურ ხასიათს ატარებდა.
უწმინდური ცხოველები ცოდვებსა და მანკიერებებს განასახიერებდნენ, რომელთაც უნდა განშორებოდნენ (კურდღელი - შიშს, აქლემი - გულღვარძლიანობას და ა.შ.). ეს აკრძალვები, იუდაიზმსა და ნაწილობრივ ისლამშიც გადავიდა, სადაც უწმინდური ცხოველები ფიზიკური სიბილწის მატარებლად ითვლებოდნენ.
ქართველი ხალხი გულმოდგინედ იცავდა მარხვებს, რაც დაფიქსირებულია ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაში. ექვთიმე მთაწმიდელმა მარხვის მეტად ძვირფასი სახელმძღვანელო შეადგინა, რაც დადასტურებულია უცხოელთა მიერ. დომინიკანელი ბერის ა. ლამბერტის „კოლხეთის აღწერილობაში“ ნათქვამია, რომ „მეგრელები ბერძნულ ჩვეულებას მისდევენ“ (ანუ მართლმადიდებლობას) - დიდ მარხვას ძალიან მკაცრად იცავენ, თევზსაც კი არ ჭამენ! და საერთოდ, დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამენ, მზის ჩასვლისას ისინი ისე მტკიცედ იცავენ მარხვის წესს, რომ რაც უნდა ავადმყოფნი, მოხუცებულნი და უძლურნი იყვნენ, არავითარ შემთხვევაში ამ დროისათვის ხორცს არ შეჭამენ, ზოგიერთები პარასკევობით საერთოდ იკავებენ თავს საკვებისაგან: ბოლო კვირაში ღვინოს არ სვამენ, ბოლო სამ დღეს კი არავითარ საკვებს არ ღებულობენ“.
ეკლესიის სწავლებით, სხეულით მარხვა სულიერ მარხვასთან უნდა იყოს შეწყმული, თავი შევიკავოთ სანახაობებისაგან, ფუჭი, უმეტესად კადნიერი საუბრისაგან, მოვერიდოთ ყოველივეს, რაც აღაგზნებს მგრძნობელობას და ფანტავს გონებას. მარხვას თან უნდა ახლდეს განმარტოება და მდუმარება, საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრი და საკუთარი თავის განსჯა. მარხვა ქრისტიანული ტრადიციით, წყენათა ურთიერთშენდობით იწყება. ღვარძლიანი გულით მარხვა, მორიელის მარხვას ჰგავს, მიწაზე ბინადართა შორის იგი ყველაზე დიდხანს ძლებს უჭმელი, მაგრამ მომაკვდინებელ შხამს მაინც გამოჰყოფს. მარხვას თან უნდა ახლდეს მოწყალება და ღარიბთა დახმარება.
რწმენა - ეს არის სულისათვის ღვთისა და სულიერი სამყაროს არსებობის პირდაპირი დადასტურება. ხატოვნად რომ ვთქვათ, მორწმუნე ადამინის გული, განსაკუთრებულ ლოკატორს ჰგავს, რომელიც სულიერი სფეროდან მომავალ ინფორმაციას ღებულობს. მარხვა ხელს უწყობს უფრო ფაქიზად, ზუსტად მიიღოს ეს ინფორმაცია, და სულიერი სინათლის ტალღები. მარხვა ლოცვასთან უნდა იყოს შეერთებული ლოცვა - გულის ღვთისაკენ წარმართვაა, მისტიური საუბარია ქმნილებისა შემოქმედთან. მარხვა და ლოცვა ეს არის - ორი ფრთა, რომელთაც სული ზეცად აჰყავთ.
თუკი შევადარებთ ქრისტიანულ ცხოვრებას მშენებარე ტაძარს, მისი ქვაკუთხედები ვნებებთან ბრძოლა და მარხვა იქნება, ხოლო ტაძრის დამაგვირგვინებელი გუმბათი - სულიერი სიყვარული, რომელიც თვითონვე აირეკლავს ღვთიური სიყვარულის ნათელს, ისე, როგორც ეკლესიის მოოქროვილი გუმბათები - ამომავალი მზის სხივებს.