JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic
 






მოამბე

5 თებერვალს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საკვირაო წირვა ეპარქიის სასულიერო დასთან, ჩამობრძანებული სტუმარის თანამწირველობით აღასრულა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში. საქართველოში ყოფნისას წმ. ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტიდან ჩამობრძანებულმა სტუმრებმა მოილოცეს გელათისა და მოწამეთას ისტორიული სამონასტრო კომპლექსები, ბაგრატის მშენებარე ტაძარი, ატენის სიონის მონასტერი. სტუმრები მიიღო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.

3-4 თებერვალს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სასულიერო გიმნაზიის სააქტო დარბაზში ჩატარდა წმ. მღვდელმოწამე კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ III -ისადმი მიძღვნილი გორის მეოთხე სამეცნიერო კონფერენცია.

30 იანვარს, 3 საათზე ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში ჩატარდა პედაგოგიური საბჭო. საბჭოს ესწრებოდა გიმნაზიის დირექტორი - სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია, საბჭოს უძღვებოდა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დიაკონი ბორისი (ნიჩიპეროვიჩი). პედაგოგიურ საბჭოზე იმსჯელეს სასწავლო წლის პირველი სემესტრისა და ფესტივალ "გენეთლიას" ჩატარების შედეგებზე. დასახეს ბავშვთა აღზრდის ხარისხის გაუმჯობესების გეგმები.

17/30 იანვარს არის ხსენება ღირსი მამისა ჩვენისა ანტონი დიდისა. ამ დღეს სამთავისისა და გორის ეპარქიის სამღვდელოების ერთობლივი მსახურება შესრულდა კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში, წმ. გიორგის ტაძარში.
მეუფე ანდრიამ ქადაგებისას ისაუბრა ღირსი ანტონი დიდის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ყმაწვილობიდან სარწმუნოებრივი ცხოვრების, ერთობლივი ლოცვისა და წმინდანთა მაგალითით ხელმძღვანელობის სიკეთეზე. მიტროპოლიტმა ანდრიამ ტაძრის წინამძღვარ მაღვდელ გაბრიელ კერესელიძეს მიულოცა დაბადების დღე. მას 30 იანვარს შეუსრულდა 46 წელი.

29 იანვარს, საკვირაო მსახურება სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღასრულა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში.

ქ. გორში გაიხსნა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, რომელშიც დამკვიდრდა 10 აღსაზრდელი. ბავშვთა სახლს პოლონური მხარის თანადგომით კურირებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ბილიკი".
24 იანვარს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია დიაკონ გიორგი კარელიძესთან და მონაზონ ცეცილიასთან ერთად ესტუმრა საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს. მეუფე ანდრიამ გაიცნო აღმზრდელები და აღსაზრდელები. ბავშვებმა დაათვალიერებინეს თავიანთი ოთახები, მოუყვნენ თავიანთ საქმიანობაზე, ინტერესებზე და უთხრეს რა სურვილები ჰქონდათ მათ. მეუფე ანდრიამ და ორგანიზაცია "ბილიკის" აღმზრდელებმა ისაუბრეს თუ როგორი სახით იქნებოდა შესაძლებელი სამთავისისა და გორის ეპარქიის მონაწილეობა ბავშვთა სახლის მკვიდრთა აღზრდის საქმეში. ამ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის ლიდერი არის ქ-ნი ლეილა შატაკიშვილი.
შეხვედრას ესწრებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური საკოორდინაცო ცენტრის უფროსი ბ-ნი ზვიად დაბრუნდაშვილი, უფროსის მოადგილე ქ-ნი დიანა ბერიძე და სოც-მუშაკი ქ-ნი ნინო გოგიაძე.

22 იანვარს, კვირას, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საღვთო ლიტურგია შეასრულა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკთედრო ტაძარში.

6/19 იანვარს წმ. მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს ნათლისღების დღესასწაულს. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო წირვა შეასრულა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში. წირვის შემდეგ შესრულებულ იქნა დიდი აიაზმის კურთხევა.

15 იანვარს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ წირვა აღასრულა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში. წირვის დროს კერძო დიაკონი გიორგი მურღული ხელდასხმულ იქნა დიაკონად. ასევე შესრულებულ იქნა ზეთის კურთხევა სნეულთათვის.

12 იანვარს, კულტურისა და სულიერების ცენტრში მიტროპოლიტი ანდრია შეხვდა ეპარქიის სამღვდელოებას და მათ ოჯახებს. მეუფე ანდრიამ მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი, ყურადღება გაამახვილა მასზე, რომ სასულიერო პირებთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც ქრისტიანული ცხოვრების წესით მაგალითს აძლევენ მრევლს და მთლიანად საზოგადოებას.
სასულიერო პირების ოჯახის წევრებმა მოაწყვეს მცირე ღონისძიება, ლექსებითა და სხვადასხვა საკრავებზე შესრულებული სიმღერებით. შეხვედრის დასრულებისას მიტროპოლიტმა ანდრიამ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

საშობაო დღესასწაულის დღეებში კვლავ ბავშვების ჟრიამული და ხალხმრავლობა იყო გორის სასულიერო გიმნაზიაში.
10-11 იანვარს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სასულიერო გიმნაზიაში გაიმართა ყოველწლიური საშობაო ფესტივალი ”გენეთლია”. წელს ფესტივალის სტუმრები იყვნენ - ზუგდიდის, ოზურგეთის, ბოლნისის, ხაშურის, ქარელის, ცაგერის, სოფელ სალხინოს, სოფელ ნიქოზის, თელავის, თბილისის თამარ მეფის, თბილისის ექვთიმე და იოანე მთაწმინდელების სასულიერო სკოლების, გორის #8 და ქვემო ჭალის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
ფესტივალის მიმდინარეობა წარიმართა ორ ნაწილად: პირველ ნაწილში ბავშვებმა წაიკითხეს თავიანთი მოხსენებები თემებზე - "ვინც მადლს სჩადის, სანთელი მისი არ ჰქრება ცაშია"; "ღმერთო სამშობლო მიცოცხლე, ძილშიაც ამას ვდუდუნებ"; "ბუნება მბრძანებელია".... მეორე ნაწილი მიეძღვნა თვითშემოქმედებითი ჯგუფების გამოსვლებს.
ფესტივალის მსვლელობისას მოსწავლეების გამოსვლას ესწრებოდნენ სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე, სასულიერო პირები, გორის საზოგადოება.

8 იანვარს, კვირას, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ წმ. ლიტურგია აღასრულა ქ. კასპში, წმ. თეოდორე ტირონის ტაძარში. მეუფე ანდრიამ კასპის მრევლს მიულოცა ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული და წირვის შემდგომ სასულიერო პირებთან ერთად მოინახულა წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის კასპის საკათედრო ტაძრის მშენებლობა.

ქრისტეშობის დღესასწაულზე სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო მსახურება აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში. მსახურება დაიწყო ღამის 11 სთ-ზე.
7 იანვარს, დღის პირველ სთ-ზე საშობაო მსვლელობა "ალილო" დაიწყო გორის საკათედრო ტაძრიდან. "ალილოში" მონაწილეობას ღებულობდნენ სასულიერო პირები, რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ქ. გორის ტაძრების მრევლი, სასულიერო გიმნაზიისა და სკოლების მოსაწავლეები, სტუდენტები. საშობაო "ალილო" ყოველწლიურად ტარდება ჩვენს ქალაქში და შემოწირულობა, რომელსაც გაიღებს მოსახლეობა გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

2 იანვარს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ქვათახევის მამათა მონასტერში შესრულდა სამონაზვნო აღკვეცა. მორჩილები - იაკობ მხეიძე და ნიკოლოზ პარკაია სამთავისისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას მიერ იქნენ აღკვეცილნი მონაზვნებად და დაერქვათ სახელები: სიმონი და შიო.

1 იანვარს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საკვირაო მსახურება აღასრულა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში.