|

საზოგადო ცნობები საღვთო წერილის შესახებ.
წმიდა წერილის ღვთივსულიერება
მსოფლიოს ისტორიას არაერთი წიგნი და მაღალცნობიერი პირის ნაშრომი შემოუნახავს, მაგრამ მსოფლიოს მწიგნობრობის ისტორია ბიბლიაზე უფრო ცნობილ და განუმეორებელ წიგნს არ იცნობს. ის წარმოადგენს წიგნს ღვთის გამოცხადებაზე კაცობრიობის წინაშე, თვით სამყაროზე მის მომავალზე, პიროვნების ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაზე და კონკრეტულად ასახავს ღმერთსა და ადამიანს შორის არსებულ ურთიერთობას. ბიბლია არ კამათობს ღმერთის არსებობა-არარსებობაზე. იგი ღმერთის აღიარებით იწყება და გადმოგვცემს, როგორ უყვარს და ეპყრობა ღმერთი ადამიანს და რა ურთიერთობას მოითხოვს მისგან.
ღმერთმა, რომელიც ადამიანებმა შეიცნეს ან ვერ შეიცნეს, თავად ინება საკუთარ ქმნილებასთან -ადამიანთან ურთიერთობის აღდგენა და ეს განუცხადა მას წერილით, რომლის განმცხადებლები იყვნენ ისრაელის ცნობილი მეფეები, სახელმწიფო მოხელეები, სასულიერო პირები და ხშირად უბრალო მწყემსები და მებადურები, რომლებიც საუკუნეებით იყვნენ ერთმანეთისაგან დაშორებულნი, თუმცა ეს ბიბლიაში მისი შინაარსობრივი გადმოცემით არც კი შეიმჩნევა და ერთ მთლიანობას გადმოგვცემს. ის ღვთისმიერ სამყაროს შექმნით იწყება (დაბ. 1) და იმ იმედით მთავრდება, რომ შეიქმნება “ახალი ცა და ახალი მიწა” და “დადგება დრო როცა აღარ იქნება დრო”.
საღვთო წერილის შემქმნელნი ღვთივ სულიერებით იყვნენ შთაგონებულნი და მასში გადმოცემული სწავლება ადამიანის ფიქრებზე, აზრებსა და აღმოჩენებზე აღმატებულია, მოციქულ პავლეს სიტყვით მათ “გონებაი ქრისტესი” (1 კორ. 2, 16) ჰქონდათ და სულიწმინდის ნებას აღასრულებდნენ, წინასწარმეტყველი დავითი ბრძანებს: “სული უფლისა იტყოდა ჩემდა და სიტყვა მისი ენასა ზედა ჩემსა”.
მოციქული პავლე წმინდა წერილს “ღვთივსულიერს” უწოდებს (2 ტიმ. 3, 16), რაც იმას გულისხმობს, რომ ბიბლია დაწერილია არა ადამიანთა ნააზრევის შედეგად არამედ სულიწმინდის კარნახით, რომ მათი ავტორები (მაგ. მოსე; მოც. პავლე, მათე თუ სხვანი) იყვნენ მხოლოდ სულიწმინდის ნების აღმსრულებელნი და ღვთის ნების და სიტყვის გამხმოვანებლები, რომ წმინდა წერილის ჭეშმარიტი ავტორი თვით სულიწმიდაა. წმ. მოციქული წერს “არა ნებითა კაცთაითა მოსადმოიწია წინასწარმეტყველები, არამედ წვევითა სულითა წმიდისათა იტყოდეს, წმიდანი ღმრთისა კაცნი (II პეტრე თ. 1; 21)” და რადგან არა ადამიანის კაცობრივი ძალით არამედ სულიწმიდის კარნახით დაიწერა ამიტომ მას “საღვთო წერილი” ეწოდება. IV ს-ის ეკლესიის დიდმა მამამ იოანე ოქროპირმა კი ტერმინი “ბიბლია” დაამკვიდრა, რაც ბერძნულად წიგნებს ნიშნავს. მის აღსანიშნავად ქართულად “დაბადება”; “შესაქმე”; “სახარება” და სხვა ტერმინები გამოიყენება.
წმ. წერილის მთავარი ყურადღება მიმართულია კონკრეტული ადამიანისკენ და არა ზოგადად ადამიანობის ცნებისაკენ, ცოცხალი ადამიანისკენ, ქმნილებისკენ რომელიც სამყაროს გვირგვინად შეიქმნა, რაც საღვთო წერილის ორი შემადგენელი ნაწილის სახელწოდებიდანაც ჩანს, რომელიც მათ აერთიანებს – “აღთქმა”, ებრაული სიტყვა “ბერით”, რომელსაც თარგმნის ქართული სიტყვა ნიშნავს – კავშირს, შეთანხმებას ანუ ღმერთი კავშირს კრავს ადამიანთან, იმ არსებასთან, რომელიც ატარებს ღვთის ხატებას და მოწოდებულია ღვთის მსგავსების მისაღებად. კავშირი ყოველთვის ორმხრივია და აქედან ნათლად ჩანს, თუ რა ღირსება აქვს ადამიანს ღვთის თვალში. აღთქმა წმ. წერილში გამოცხადების ტოლფასია და ამგვარად ადამიანი, აღთქმათა მეოხებით ატარებს ღვთის გამოცხადების საიდუმლოს. აღთქმა გულისხმობს ანდერძსაც, რადგან ანდერძად ჟღერს მაცხოვრის სიტყვები საიდუმლო სერობაზე მოციქულთათვის ნათქვამი: “ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა” (მათ. თ. 26, 28). სწორედ “თვით მაცხოვარმა აღუთქვა მოციქულებს მოვლინება წმიდისა სულისა, რომელიც ასწავლიდა და გაახსენებდა მათ მის ნათქვამს (ინ. 14, 26) აღუთქვა მათ მოცემა პირისა და სიბრძნისა (ლუკ. 21, 15) რაც მათთვის საჭირო იყო. . . , როცა ისინი მომავლისთვის წერდნენ მაცხოვრის მოძღვრებას”. – წერს ალავერდელი ეპისკოპოსი პიროსი ოქროპირიძე: “დაბადება საუკუნოობით არსებობს განათლებულ ერთა შორის; ამ ხნის განმავლობაში ის განუწყვეტლად იბრძვის ღრმად განათლებულ და ჭკუამახვილ მოაზროვნეებთან; არ დარჩენილა, თითქმის არც ერთი სიტყვა დაბადებისა მისი მტერბისგან განუხილველად, არ მოიპივება დაბადებაში არც ერთი ადგილი, რომლის გამოც ცხარედ არ შებმულიყვნენ მისი მტერნი და მოსარჩლენი, მაგრამ მიუხედავდ ყოველივესი, დაბადება ბატონობს ხალხზე; მას კვლავ აქვს გავლენა უგანათლებულეს ერებზე; საზოგადოების ყველა წრეზე, დარბაისელ მეცნიერებზე, რომლებიც ეპყრობიან მას დიდი პატივით და მოკრძალებით”.
სახარებაში გაცხადებულია ის რაც არ შეეძლო ადამიანის დაცემულ ბუნებას შეექმნა და დაეტია, მოძღვრება უზენაესი და უმაღლესი სიყვარულისა, განა შეეძლო ადამიანის დაცემულ ბუნებას ეთქვა: “რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოიცა” (მთ. 5, 39) ანდა ის რომ “ღმერთი სიყვარული არს”, და ეს მაშინ როცა სახარებაში გაცხადებული სწავლება ნებისმიერ ეპოქაში ეწინააღმდეგებოდა ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნებს და “განსხვავდება ყველა სხვა თქმულებისაგან, როგორც ისტორია ზღაპრისაგან”, განსაკუთრებით საკვირველებას წარმოადგენენ სახარებები. ამ ოთხი წიგნის წინააღმდეგ მიმართულ იქმნა ისეთი მწვავე და სასტიკი კრიტიკა, როგორიც არ შეხვედრია არც ერთ წიგნს, მაგრამ ისტორიული სინამდვილე ამ წიგნებისა დღესაც შეურყევლად დგას. მათში წარმოდგენილი სახე მაცხოვრისა ისე ნამდვილი, ჭეშმარიტი და სრულია, რომ აღემატება ყოველივე მიწიერ სისრულეს.
ტექსტი მოამზადა ავთანდილ გიუნაშვილმა
|
|
|